LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალენიკე ურიდია ვაშინგტონის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა: „ბავშვი, რომელიც თავისსავე ქვეყანაში დევნილის სტატუსის ქვეშ და იმავდროულად სოციალურად მოწყვლად ოჯახში იბადება… ყველანაირი წინააღმდეგობისა და დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენნაირი ადამიანებიც აღწევენ წარმატებებს…“

167
კალენიკე ურიდია

ქართველი ახალგაზრდა კალენიკე ურიდია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, ის სწავლას ვაშინგტონის უნივერსიტეტში განაგრძობს:

„ადამიანებს ცხოვრებაში გვეძლევა შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც გვიხსნის გზას მომავლისაკენ. შესაძლებლობების გამოჩენას შრომა, სიმტკიცე და მიზნისკენ სწრაფვა სჭირდება. ზოგისთვის ის მარტივად მოსაპოვებელია, ზოგს კი გრანდიოზული გარჯა მართებს დასახული მიზნის მისაღწევად…

ბავშვი, რომელიც თავისსავე ქვეყანაში დევნილის სტატუსის ქვეშ და იმავდროულად სოციალურად მოწყვლად ოჯახში იბადება, მოკლებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას. მოზარდი, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სახელმწიფო ვერ იცავს დედასა და მცირეწლოვან შვილებს ოჯახში ძალადობისგან, თითქოსდა, განწირულია. ახალგაზრდას, ჩამოთვლილი პირობების კუმულატიურად არსებობის დროს, გარანტირებული აქვს ბილეთი სირთულეებით აღსავსე ცხოვრებისკენ.

უსამართლობასთან უიარაღოდ მებრძოლი ბავშვი, მოზარდი, შემდგომში სამართლის სტუდენტი და აწ უკვე ახალგაზრდა იურისტი, შეძლებს კი ბრწყინვალედ გაიმარჯვოს დაბადებით მინიჭებულ ყოფიერ ნაკლოვანებებზე და სუფთა ხელებით, წრფელი გულითა და დაუცხრომელი ჟინით მიაღწიოს საწადელს?


მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს ჩავირიცხე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსებით. სიამაყით აღვივსე, როდესაც წავიკითხე კომისიის დასკვნა: „ბატონ კალენიკეს, მისი ასაკისთვის შეუთავსებელი, გამორჩეული მიღწევების საფუძველზე მიენიჭოს სრული დაფინანსება.“ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესარჩევი კომისიისა და Barer institute-ის გადაწყვეტილებით დამენიშნა ყოველთვიური სტიპენდიაც, რომელიც დაფარავს ჩემი ცხოვრების ხარჯებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია (VII ადგილი), ხოლო მისი სამართლის სკოლა გამორჩეულია კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით.


მიმდინარე წელს ასევე მოვიპოვე დაფინანსება შემდეგ უნივერსიტეტებში: Duke University; Pennsylvania State University; University of Pittsburgh; American University; Bucerius Law School; Lund University; Université Libre de Bruxelles; Central European University.

აქვე, საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო დედასა და ბებიას, რომლებმაც ძნელბედობის ჟამს შეძლეს სიმტკიცის შენარჩუნება და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მე და ჩემს დას არ გვეგრძნო ის სირთულეები, რომლებიც ესოდენ მრავლად იყო ჩვენს ცხოვრებაში.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ცხოვრების ადამიანსა და სიყვარულს, ელენე ლანდიას, რომლის მხარდაჭერითა და თანადგომით შეუძლებელი შევძელი.

ჩემი ამბავი თხრობაა იმ განვლილი გზისა, რომელმაც ამ სიახლემდე მომიყვანა. აქ არ ჩანს ის სირთულეები და ყოფნა-არყოფნის საკითხები, რომლებიც ფარდის მიღმა დარჩა, აქ ასევე არ ვსაუბრობ ადამიანებზე პროფესიული თუ პირადი ურთიერთობებიდან, რომლებიც ბრუტუსის როლისთვის იღვწოდნენ ჩემს ცხოვრებაში, მათი ადგილი აქ არ არის.

მჯერა რომ “Happiness can be found, even in the darkest of times, if one only remembers to turn on the light.” ჩემი ისტორიის მცირე ნაწილის გაზიარებით მინდა, რომ ადამიანებს მივცე იმედი და დავარწმუნო იმაში, რომ დიახ, მეგობრებო, ყველანაირი წინააღმდეგობისა და დაბრკოლების მიუხედავად ჩვენნაირი ადამიანებიც აღწევენ წარმატებებს, დიახ, ეს შესაძლებელია და დიახ, ვინ თუ არა ჩვენ გავფრინდებით მომავალში!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g