„კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტზე უარი არ გვითქვამს, პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ინიციატივა არაფერ ცუდს არ ითვალისწინებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. როგორც მან განმარტა, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, არის რთული სამუშაო პერიოდი და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყება კონსულტაციები.
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ თემაზე ესაუბრა პატრიარქს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და საქმის კურში ჩააყენა ისინი, თუ რა ინიციატივაზე არის საუბარი.
„საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს პროექტი ნარკოტიკების წარმოებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება. იქნება კონსულტაციები და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებობს გათვლები, რომ სარგებელი შეიძლება იყოს ძალიან დიდი. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს ექსპორტზე გასატანად მცენარე კანაფის სამედიცინო და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.