LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონი ხელს შეუწყობს ქვეყანაში “აკვაკულტურის” პროდუქტების წარმოების გაზრდასა და დასაქმებას: გარემოს სააგენტო

76
აკვაკულტურა

“აკვაკულტურის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. საქართველო გამოირჩევა ხელსაყრელი პირობებით აკვაკულტურის, მათ შორის, მარიკულტურის განვითარებისათვის,” – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულ თემაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში  ,,აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების საკითხებსა და კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მნიშვნელობაზე, ასევე, მის სარგებელზე, როგორც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ანგარიშში წარდგენილი იყო შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ სრული ინფორმაცია, რაც საქართველოში აკვაკულტურის, მათ შორის, მარიკულტურის წარმართვის მიზნით საზღვაო ზონის დადგენას მოიცავს, ასევე, მისი მართვის და ეკოლოგიური მონიტორინგის პროცედურებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ქვეყანაში აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი რესურსია დასაქმების, შემოსავლების და ეკონომიკური ზრდის, ასევე, ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად.

“მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ,,აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულებაზე საკომიტეტო ზედამხედველობას მომავალშიც გააგრძელებს,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g