LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგად იცხოვრებს ის, ვისაც შრომა არ ეზარება… რაში გვჭირდება ევროპა და რაში ვჭირდებით ევროპას არჩილ ქიქოძის აზრით

401
vax 2

საქართველო ევროპისკენ იხედება, თუმცა ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასასვლელი. როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე საზოგადოების მზაობის მხრივ. მწერალი არჩილ ქიქოძე საუბრობს თუ რითი შეიძლება იყოს საქართველო მიმზიდველი ევროპისთვის და რა შეიძლება მოგვიტანოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებამ?

საქართველოს ნაკრების წარმატებით დავიწყოთ. თქვენც ძველი ალპინისტი ბრძანდებით, სპორტთან კავშირი გქონდათ და ალბათ დამეთანხმებით საქართველოსთვის, და მცირე ქვეყნებისთვის, ეს მხოლოდ სპორტი არ არის…

არავისთვის არ არის მხოლოდ სპორტი, დიდი ქვეყნებისთვისაც. ამდენი გახარებული ადამიანი არ მინახავს ქუჩაში, ეს იყო გულწრფელი სიხარული და მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ყველას. მოკლედ, მაგარი დღე იყო.

ევროპასთან დაახლოება მხოლოდ პოლიტიკა ხომ არ არის. იგივე კულტურა, სპორტი იქნება თუ სხვა დარგები. ალბათ, ამ მხრივაც უნდა მოვაწონოთ თავი ევროპას?

სპორტი არის ჩვენი ბედნიერება, მაგრამ არ არის ის კარი, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროპაში. კულტურა კი ბატონო, არის ერთ-ერთი კარი. უფრო სწორედ, როგორ არის იცით? ევროპა ბევრი რაღაცისგან შედგება. ძალიან მრავალფეროვანია. ვიღაცისთვის თავშესაფარია დევნილი ინტელექტუალისთვის, ვიღაცისთვის გართობის ადგილი. ჩემთვის პირველ რიგში არის აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და ეგ მხიბლავს ევროპაში.

ჩვენ ორი უბედურება გვჭირს: ერთი არის სიღარიბე და მეორე გაუნათლებლობა. თუ დაიძლევა ერთიც და მეორეც, მაშინ გვაქვს შანსი. სიღარიბეში არ ვგულისხმობ ყველას გამდიდრებას, ეს შეუძლებელია. უბრალოდ, ჩვენთან თითქმის არ არსებობს საშუალო ფენა. ეს კი ის ფენაა,რომელიც დემოკრატიას აკეთებს.

რაც შეეხება განათლებას, სანამ არ ვიქნებით განათლებული, არათუ სხვა კულტურებს ვერ დავაფასებთ და შევისისხლხორცებთ, საკუთარი კულტურის მომხმარებელიც აღარ ვართ სინამდვილეში. იმიტომ რომ სწორად არ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“, ილიას, აკა მორჩილაძეს… ყველა რეცეპტი, როგორი შეიძლება იყოს უკეთესი საზოგადოება, ჩვენ კულტურაშიც არის. უბრალოდ, ჩვენ არ ვკითხულობთ ან აზრი ვერ გამოგვაქვს.

კიდევ ერთი რაღაც არის, რაც გვჭირს: ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და არანაირი პატივისცემა არ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოსი. ანუ სახელმწიფო და ქვეყანა, რომ ერთი და იგივეა, რაღაცნაირად ვერ შევაკავშირეთ.

და ევროპას რაში ვჭირდებით?

ჩვენ რაში ვჭირდებით? ჩვენ გვჭირდება…

ხო მაგრამ ევროპაც ხომ დგამს ჩვენსკენ ნაბიჯებს?..

იმიტომ რომ ძალიან მომხიბლავი ხალხი ვართ. განსაკუთრებით, ვისაც რაღაც კულტურულ ასპარეზზე შეუძლია გასვლა. ქართველები ვინმეზე უარესი ხალხი კი არ ვართ, უბრალოდ, ჩიხში მოვაქციეთ თავი. ის გვეუბნება, რომ ჩემი კარი ღიაა, უბრალოდ ეს და ესაა გასაკეთებელი.
როგორც წესი, აქამდე მე ევროპის დიდი პოლიტიკური ინტერესი არ დამინახავს, აშშ-ის კი ბატონო, ვხედავდი. ჩვენთან სამწუხაროდ ამის გამიჯვნაც არ ხდება.

თქვენ ცხოვრებაში ან რაიმე მოვლენით ან როდის, რის გამო მოხდა გარდატეხა, რომ საბჭოთა კავშირი კი არა, უფრო სხვა, თუნდაც დასავლეთი?..

საბჭოთა კავშირი არასოდეს მომწონდა, ჩემ ოჯახში სულ ვიცოდით, რომ ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მე ნამდვილად არ გამოვიდოდი ამ პროფესიის, საბჭოთა კავშირში რომ მეცხოვრა. სხვა საქმეს მოვნახავდი. აბსოლუტურად ყველაფერი იყო ტყუილი, რომლისაც სხვათა შორის აქ არავის არ სჯეროდა. ჩვენთან იდეური კომუნისტები არ ყოფილან, რუსეთში იყვნენ. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კარიერის გამო და ამ თამაშს თამაშობდნენ.

თუ ერთი კონკრეტული მაგალითი გინდათ, პირველი რაც მახსენდება, უკვე ევროკავშირი იყო, ამსტერდამში მატარებელზე რომ დავჯექი და ბერლინში ჩავედი. საზღვარი რომ გადავკვეთე და არავინ არ გამჩხრიკა, დიდი უჩვეულობა იყო.

პირველ რიგში ვხედავ, რომ იქ ადამიანების შრომა ფასდება. ევროპა კიდევ ეკონიმიკურ რაღაცეებს ნიშნავს, რაზეც ჩვენ სამართლიანად ვართ აღშფოთებული, უზარმაზარი საბანკო პროცენტებია. მოხვდები იმ ოჯახში და ეს იქნება 18-ის ნაცვლად 1 პროცენტი.
ეკონიმიკაზე ჩემგან საუბარი უხერხულია, მაგრამ ბევრი სარგებელია.

გასაგებია მსგავსი საკითხები, მაგრამ მინდოდა მეკითხა, მთლიანობაში რას მოგვიტანს ევროპა?

ღმერთმა ქნას და მოვხვდეთ მაგ ოჯახში, კარგად იცხოვრებს ის ადამიანი, ვისაც არ ეზარება შრომა და არის თავისი საქმის პროფესიონალი და არა ის, რომელიც კორუფციაში იხრჩობა.

არის რომელიმე ქვეყანა ევროპაში, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ?

მე სკანდინავიის ქვეყნები მიყვარს. მგონია, რომ ყველაზე მეტად დემოკრატიული და ტოლერანტული ის ქვეყნებია. შვედეთში ვიყავი ლიტერატურულ ფესტივალზე. ფესტივალის დირექტორი ერაყული წარმოშობის იყო, მოადგილე სირიელი გოგონა. ეს რაღაცის მანიშნებელია ჩემთვის, იმ საზოგადოების ტოლერანტულობის.

ცხადია, ჩვენც გვყავს მაღალი დონის მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები და ა.შ. მაგრამ მაინც – საქართველომ რითი შეიძლება დააინტერესოს ევროპა, მიმზიდველი რითი უნდა იყოს?

იმ აუთენტურობით, რომელსაც საკუთარი ხელით ვსპობთ. კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ხატი არსებობს – გლობალიზაცია: ყველა ყველას დაემსგავსება. სინამდვილეში პორტგალიელი დაემსგავსა ნორვეგიელს, ან იტალიელი ფრანგს? არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

საინტერესო ვართ ყველანაირი კუთხით – ეთნოგრაფიული, სხვა რეგიონია, კავკასიაა, აუთენტურობა გვაქვს, კულტურული მრავალფეროვნება, ლამაზია ყველაფერს რომ თავი დაანებო, და ჩვენი ხალხი არის სტუმართმოყვარე. ჩამოსულისთვის კი ჩვენი ქვეყანა ძალიან უსაფრთხოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g