ნათია დუმბაძე დეკემბრის დასაწყისში ახალ სიმღერასა და კლიპს შემოგვთავაზებს.
კლიპიდან და სიმღერიდან ამონარიდი უკვე გაგვიზიარა სოციალურ ქსელში.
ნათია დუმბაძე:
ძალიან დიდი ხანია, ახალი სიმღერა არ გამიკეთებია. „არ უყურო დროს“ მერე ძალიან გამიჭირდა შესაბამისი სიმღერის შერჩევა. კი, იყო სხვა სიმღერებიც ამის შემდეგ, მაგრამ „არ უყურო დროს“ ძალიან გავარდა და ისეთივე მინდოდა, მსურდა, ძალიან, ძალიან მომეწონებოდა.

მუსიკოსი ლაზარე ადამია ვნახე თიკა ფაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ. რაღაც რომ არსებობს, ხომ იცი (იღიმის). იმ დროს უკვე ძალიან მინდოდა ახალი სიმღერის გაკეთება, ხან ვისთან მივედი, ხან – ვისთან. ვიყავი რამდენიმე კომპოზიტორთან, მაგრამ რაღაცები არ დალაგდა ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო. ლაზარემ მითხრა, სიმღერა მაქვს, რომელიც ძალიან მოგიხდებაო. მალევე შევიკრიბეთ. მომასმენინა სიმღერა… დროულად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს ბიჭი… ძალიან რომ გჭირდება, ხომ იცი? ზუსტად იმ პერიოდში.. რა სტილიც მინდოდა მემღერა, გულიდან წამოსული, ზუსტად ასეთი სიმღერა შემომთავაზა. ტექსტი არის თემო საჯაიასი.
სევდიანი ტექსტია და შენგან გამომდინარეობდა?
თემომ პირველი ზუსტად ეს მითხრა, რაზე გინდა, რომ იმღეროო. ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, სიყვარულზე. მინდოდა, სიმღერა ყოფილიყო სევდიანი, მაგრამ ყველას მოხვედროდა გულზე და შიგნით ჩასულიყო. სევდიან, დიდ სიყვარულსა და მოგონებებზე, შეყვარებული ქალის, გოგოს განცდებზე, ფიქრებსა და სასიყვარულო მოგონებებზე… ამ სიმღერაში ბევრი ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს, ბევრი რამ გაახსენდებათ. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისეთი სიმღერა, თან, მოუსმენ, თან, ძვირფას ადამიანს ჩაეხუტები…

არანჟირება არის ზაზა ხუბუკელაშვილის. დიდი მადლობა მას, თავისი საქმის პროფესიონალია, მომეხმარა სიმღერის ჩაწერის დროს. როგორ უნდა მემღერა და ჩამეწერა, ისეთი ემოციები შემიქმნა სტუდიაში, შევედი ემოციებში…
ცრემლებიც ხომ არ იყო?
(იცინის) კი. კმაყოფილების შეგრძნება მქონდა, როცა ჩავწერე. ვიცოდი, რომ კარგი გამოვიდოდა.
რაც შეეხება კლიპს…
ზუსტად ისეთივე იქნება, რა შინაარსიც აქვს კლიპს. სასიყვარულო მოგონებების კადრები იქნება. ახლა ვარ პროცესში, ნახევარი დამრჩა გადასაღები. ალექსანდრე ფურცხვანიძე, ჩემი მეგობარი იღებს კლიპს.
იმიჯი როგორ შეირჩიე?
ძალიან უბრალოდ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ლამაზად. უფრო მეტად, იმიჯი სთრით სთაილს შეესაბამება. სხვათა შორის, ჩემი ბავშვობის მეგობრები მომეხმარნენ სამოსის არჩევაში. ძალიან მეხმარება ირინა ონაშვილი, ჩართულია კლიპის ნაწილშიც, სცენარშიც, ყველაფერს ვუზიარებ…
როდის იქნება პრეზენტაცია?
დეკემბრის პირველ ნახევარში შედგება. დავპატიჟებ ყველას… მიყვარს ძალიან ეს ყველაფერი. დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, როდის გამოვაო. რა ნაწყვეტიც დავდე, მოეწონათ და ელოდებიან მთლიან ვერსიას.
რატომ პასიურობდი ეს პერიოდი?
დამემთხვა ისე, რომ ხმა დავკარგე, ვერ ვმღეროდი, მერე ბენდიც დამეშალა. ძალიან პასიური და კარმული წლები მქონდა, მოვილიე და დავამთავრე. ახლა კი, განათების დროა… (იღიმის).
