17 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“, მომღერალი ლაშა ღლონტი სტუმრობდა, რომელმაც როგორც თავის სოლო კარიერაზე, ისე ანსამბლზე „ალილო“ ისაუბრა და მსმენელს სამომავლო გეგმები და პროექტები გაუზიარა. გადაცემაში ლაშას ახალი პოპურის პრემიერა შედგა.
ლაშა, ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი ხარ და იტალიაში მის თამაშსაც დაესწარი. მოგვიყევი შენი ემოციების შესახებ.
წარმოიდგინეთ ჩვენი ემოციები, როცა ქართული დროშები გვქონდა მოხვეული და იტალიელები სიგნალებით აჩერებდნენ მანქანებს და მოტოციკლეტებს და ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ. სულ მიკვირდა, რა მოახერხა ამ ბიჭმა ისეთი, რომ საქართველო შეაყვარა ნეაპოლელებს. არ ვიცი, იმხელა სიამაყის გრძნობა მქონდა, რომ ასეთი გრძნობა 9 აპრილს მქონდა, როცა ერთად ვიდექით მტრის წინააღმდეგ. მართლა თვალზე ცრემლი მოგვადგა მთელი დელეგაციის წარმომადგენლებს, რადგან ძალიან დიდი სიამაყე და ბედნიერებაა, როცა პატარა საქართველოს ასე პატივს სცემენ კვარას გამო.
უახლოეს მომავალშიც ხომ არ გეგმავ მსგავს მოგზაურობას?
არა, რადგან იმხელა ემოციებია, რომ ამას გადახარშვა უნდა. ძალიან აღტაცებული ვიყავი, რომ ჩამოვედი. ახლა 29 და 30 მარტს მაქვს გასტროლები ისრაელში. ეს ჩემი პირველი სოლო კონცერტია ისრაელში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მელოდება. რაც შეეხება შემდეგ გასტროლებს, „ალილო“ მაისის თვეში ირლანდიაში მივემგზავრებით. მე მქონდა სოლო კონცერტი ირლანდიაში, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა და გადავწყვიტე „ალილოც“ მოხვედრილიყო იქ, რადგან ირლანდიელებს ძალიან აინტერესებთ მრავალხმიანობა.
სხვა რა საინტერესო სიახლეებია „ალილოს“ შემოქმედებაში?
ახლა ძველი ქალაქური სიმღერების ძალიან კარგ პოპურს და კიდევ ერთ სიმღერას ვაკეთებთ. ირლანდიაში გამგზავრებამდე უნდა მოვასწროთ გაკეთება. შემდეგ ალბათ, ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრებით და ძალიან სერიოზული კონცერტები გვაქვს საქართველოს რეგიონებშიც.
რა სიახლეებია შენს სოლო კარიერაში და როგორია სამომავლო გეგმები?
იმდენად დატვირთულები ვართ „ალილოში“, რომ სოლო კარიერისთვის ფაქტობრივად ვერ მოვიცალე. გარდა ამისა, მზადდება კიდევ ერთი ახალი, ძალიან საინტერესო, ორიგინალური პროექტი, რომელზე სასაუბროდაც ცალკე გესტუმრებით. ძალიან სერიოზული მასშტაბის პროექტია, უბრალოდ, ჯერ-ჯერობით ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს. ერთს გეტყვით, რომ ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტზე.
ვისაუბროთ ახალ პოპურზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს სიმღერების პოპური გოგი დოლიძემ მასწავლა. ახალგაზრდობაში გოგო მღეროდა ხოლმე ამ სიმღერებს. ქალაქურ ფოლკლორს ეკუთვნის ეს სიმღერები. ერთადერთი სიმღერა, რომელიც მე ჩავამატე ამ პოპურში არის ჩემი მეგობრის, ლადო ციმაკურიძის, მას ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც. მხიარული, სახალისო, თბილი პოპურია. დარწმუნებული ვარ, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან ჩემი სტილისგან განსხვავებულია. ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში. მე ვუკრავ გიტარაზე. სხვათა შორის, 16 წლის რომ ვიყავი, ჩემს მეგობართან მივედი ტელევიზიაში, გიტარაზე დავუკარი ეს სიმღერები და შავად ჩავწერე. მერე კასეტებზე გავრცელდა ეს პოპური და ბაზრობებზე იყიდებოდა. ამ კასეტას კახა ჟღენტი ეწერა, მაგრამ მე იმდენად არ მომწონდა ჩემი ნამღერი, რომ არ გავაპროტესტე, თუმცა ძალიან პოპულარული იყო.
ლაშა ღლონტი – ლაშას პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლაშა ღლონტი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი