LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშხლის დაბომბვის გამო, კრივოი როგის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – რა ვითარებაა უკრაინაში ომის 204-ე დღეს

61
Untitled design (1)

უკრაინაში, კრივოი როგის ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსების მიერ კაშხლის დაბომბვაა, რამაც წყლის დონის მომატება გამოიწვია.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა რისკებისგან თავის დაცვა აუცილებელია.

„დღეს რუსეთმა მორიგი ტერორისტული აქტი ჩაიდინა.  8 საკრუიზო რაკეტით კრივოი როგში ძალიან დიდ კონსტრუქციას დაარტყა. სიტუაციას ვაკონტროლებთ, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მაგრამ მდინარე ინგულეცში წყლის დონემ მოიმატა. ზედმეტი რისკებისგან თავის დაღწევის მიზნით, რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს ევაკუაციას ვთხოვთ“, – წერს „ტელეგრამში“ ალექსანდრ ვილკული და აღნიშნა, რომ ამისთვის საზოგადოებრივი ავტობუსებია გამოყოფილი.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ბოლო ცნობები ასეთია:

დილით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს კრივოი როგზე.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მტერმა ქალაქის კრიტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციები სერიოზულად დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ კრივოი როგის რამდენიმე რაიონი წყალმომარაგების გარეშე დარჩა.

პარალელურად, ომის მიმდინარეობის 204-ე დღეს, უკრაინელი მებრძოლები კვლავ კონტრშეტევას ახორციელებენ.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ ამ დროისთვის, 400-მდე ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლეს – მათ შორის ხარკოვის რეგიონის სოფელი კისელივკა, ამ ეტაპზე ხარკოვში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია.

რუსმა სამხედროებმა გასულ ღამეს ხარკოვის რეგიონსა და კიროვოგრადზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ხარკოვის რეგიონის დეოკუპაციაზე წერს ბრიტანული დაზვერვაც და აღნიშნავს, რომ რუსების ნაწილი ტერიტორიიდან პანიკით გარბოდა:

„რუსული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ რუსული ჯარების გაყვანის გზა მიმდინარე კვირის განმავლობაში განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით კარგი წესით, სხვები კი აშკარა პანიკით გარბოდნენ.

რაც შეეხება უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებს რუსების დანაკარგის შესახებ:

ომის დაწყებიდან დღემდე, ლიკვიდირებულია დაახლოებით 53 850 რუსი ჯარისკაცი, მათ შორის 200 პირი გასულ ღამეს მოკლეს.

განადგურებულია 2 193 ტანკი, 4 682 ჯავშანტექნიკა, 1 295 ერთეული საარტილერიო სისტემა, 250 თვითმფრინავი, 215 ვერტმფრენი, 908 უპილოტო საფრენი აპარატი, 233 საკრუიზო რაკეტა – „მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ  მონაცემებში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები