LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით ჩერდება, აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია: პრემიერი “ნამახვანჰესზე”

76
ღარიბაშვილი და ნამახვანი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან უცხო სახელმწიფოების მიერ ანგაჟირებული, წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები არიან, რაც საგანგაშოა. თუმცა, ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ მოქალაქეებში ის პროტესტში ჩართულ გულწრფელ მოქალაქეებს არ გულისხმობს და მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა.

ღარიბაშვილის შეფასებით, “ნამახვანჰესი” ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქართველი მეცნიერების მიერ დაახლოებით 40 წლის წინაა დამუშავებული.

„ერთი მხრივ მინდა ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც დაწყებულია, აბსოლუტურად გაუგებარია. ესაა უცხო სახელმწიფოების მიერ, ანგაჟირებული, წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა, დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. მეორე მხრივ, ის მოსახლეობა, რომელიც პროტესტში გულწრფელადაა ჩართული – მინდა ეს ერთმანეთისგან გავმიჯნო.

იმ მოქალაქეებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც გულწრფელად წუხან, ვინაიდან ზოგს ინფორმაცია არ აქვს. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავავალე ეკონომიკის, ასევე გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ადგილზე ჩასულიყვნენ. ჩავიდნენ, ნახეს, ყველას შეხვდნენ.

ასევე, ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა, გამოვყო პირველი. კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები ცხრიდან თორმეტ თვემდე შეჩერდება. კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად გადამოწმდება, მათ შორის, ჩვენი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების, ასევე სპეციალისტების მოწვევით, კიდევ ერთხელ გარემოს ზემოქმედების ეფექტი შემოწმდება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი. მოსახლეობისთვის საყურადღებოდ კი, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 30 მილიონი კომპანიას უკვე დახარჯული აქვს.

მისი სიტყვებით, კომპანია „ნამახვანჰესში “840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. რაც შეეხება ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემის საკითხს, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას ხელს უშლის.

„დამისახელეთ კომპანია, რომლიც კოვიდპანდემიის დროს ქვეყანაში ამხელა ინვესტიციას შემოიტანს. ჩვენ ამას ჩვენივე ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და სამუშაოებს ვაფერხებთ. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი ჩვენს ენერგოსისტემას და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება.

ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემა მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს“. – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

magti 5g