LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

93

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა” და “ჰანიველ პარტნერსმა” 120 მლნ ამერიკული დოლაროს საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

როგორც პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას, თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.

პროექტის ფარგლებში, კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დასანერგად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც წარმოების პროცესის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. კასპის ქარხანაში წარმოების ახალი ხაზის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო, ძირითადი სამუშაოების განხორციელება კი მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

ამასთან, დამატებით, 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რაც ბეტონის და ინერტული ქარხნების ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს. პარტნიორები ასევე სწავლობენ დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოო ბაზის გაფართოების პერსპექტივას.

როგორც “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, მას საქართველოში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული და მოხარულია, რომ “ჰაიდელბერგთან” პარტნიორობა შედგა, რაც სამივე მხარისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შუწყობს ხელს, ქვეყნის სავაჭრო ბალანსს გააუმჯობესებს  და  ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

“ჰაიდელბერგცემენტის კაუკასუსის” საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-18 წლებში განხორციელდება. მხარეებს შორის, საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.

 

პოპულარულები