დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, კომპანია, რომელიც “სამგორის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, შესაბამისად მასზე კანონით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.
მან, ამ კუთხით კომპანიების უპასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ვარკეთილის მეტროსადგურის შემთხვევა გაიხსენა, როცა რეაბილიტირებულ სადგურში ჭერი ჩამოინგრა.
კალაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ “ვარკეთილის” მეტროსადგურში, პროექტი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით იყო გაკეთებული და ის მთლიანად შესაცვლელია.
“კომპანიას, რომელიც „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა. ამიტომ თავის თავზე, მისი დასრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო, რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მათ წინააღმდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ, კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის კომპანიები შემორჩენილები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ვარკეთილში 50 მეტრის მონაკვეთს 7 თვის განმავლობაში აკეთებდნენ. კატასტროფაა, ასეთმა კომპანიებმა ვერ უნდა გაბედონ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ.
რაც შეეხება, მეტროსადგურ “ვარკეთილს”, სადაც ჭერი ჩამოინგრა, არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება, თავიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი. მესმის, რომ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ აქ პრიორიტეტია ხარისხი და უსაფრთხოება. ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებს დავიწყებთ მაღალ დონეზე, რომ ყველაფერი თავიდან იქნას აცილებული,” – განაცხადა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა და თავიდან გამოცხადდა.
კახა კალაძის განცხადებით, მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რომელიც უნდა იყოს კომფორტული და სწრაფი. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება 2019 წელსაც ერთერთ პრიორიტეტად რჩება.
https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/2227585424160928/