22 ივნისს ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ უროლოგი ალექსანდრე ხელაია სტუმრობდა, რომელმაც საშარდე გზების ინფექციაზე, შარდის შეუკავებლობაზე, ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე და დიაგნოსტიკაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას მსოფლიო შეუკავებლობის კვირეულს აღნიშნავს, რაც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ბატონო ალექსანდრე, რა ტიპის პრობლემაა საშარდე გზების ინფექცია და რამდენად სწორია საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც ეს პრობლემა შეიძლება შეციებამაც გამოიწვიოს?
ეს პრობლემა შეციებით ნამდვილად არ ჩნდება. სტატისტიკურად, ჩემს პრაქტიკაში ყოველ მეხუთე პაციენტს საშარდე გზების ინფექცია აქვს. ქალბატონების ხვედრი ძალიან დიდია, 86%-ს შეადგენს. მიზეზი ნაწლავის ფლორის დარღვევაა. ფაღარათი ეს არის ერთგვარი რეაქცია კუჭ-ნაწლავში, რა დროსაც უზარმაზარი რაოდენობის ბაქტერიების თანაცხოვრება იცვლება და ამ დროს აბსოლუტურად სხვა ბაქტერიების წინაშე შეიძლება დავდგეთ. წინა პლანზე შეიძლება წამოვიდნენ პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც იკავებენ დომინანტურ პოზიციას, იძენენ მიგრაციის და სხვა პირობებში ყოფისთვის დამახასიათებელ გენურ მასალას.
საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი ნომერ პირველი მიზეზი არის ნაწლავის ჩხირი და ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს კუჭ-ნაწლავში და მისი კვების რაციონი აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე შარდში, მაგრამ ის შარდში ძლებს, ცხოვრობს, მრავლდება და ძალიან ინტენსიურად გვაწუხებს. სპეციალური გენის შეძენით, მთელი ამ ბაქტერიების ყოველდღიური ცხოვრების გადაწყობა ხდება. თუ რატომ ხდება ეს, მედიცინამ ბოლომდე ზუსტად არ იცის. ბაქტერია იწყებს თავის გზას, იწყებს მიგრაციას ნაწლავიდან შორისის მიდამოს გავლით და მერე უკვე ხვდება საშოში. საშოში იწყება მთელი რიგი პრობლემები, საშოს დისბიოზი, საშოს ფლორის დარღვევა, ბაქტერიული ვაგინოზი, რომლის დროსაც საშოში მკვეთრად იკლებს რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობა და მათი ჩასახლება ხდება სხვა არასასურველი ბაქტერიებით, რომლებიც ვეღარ იცავენ ქალბატონს პათოგენური ბაქტერიებისგან და საშო ხდება პირდაპირი კარი შარდის ბუშტის დაზიანების. როდესაც ნაწლავის ჩხირი გაივლის ამ გზას, შორისის მიდამოს, საშოს ფლორას, ჩასახლდება შარდსადენი მილის ირგვლივ და ელის გარკვეულ მომენტს, ელის როდის აღმოჩნდება შარდის ბუშტში. ამგვარი გამწვავება შეიძლება სქესობრივი აქტის შემდეგაც მოხდეს. შეიძლება მის გარეშეც მოხდეს, თუ ისეთ ბაქტერიას მივიღებთ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება. ასეთი რამ არის საშარდე გზების ინფექცია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ანტიბაქტერიულ თერაპიას ან საერთოდ არ აქვს შედეგი ან მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს. სტატისტიკურად უამრავი შემთხვევა გვაქვს, როცა ქალბატონს 1 წლის განმავლობაში 15-ზე მეტი გამწვავების ეპიზოდი აქვს. ასეთი ადამიანის ცხოვრების წესი კატასტროფულად დაბალ დონეზე იწევს, რადგან ეს ადამიანი ყოველდღიურად ამ გამწვავების მოლოდინშია და გამუდმებით ამაზე ფიქრობს. მეორე მომენტია, როცა აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე გემართება ე.წ. მწვავე ეპიზოდი. აღსანიშნავია, რომ უამრავი რეციდივი შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანებას იწვევს. უკვე ჩვენ ბაქტერია არ გვაქვს, რადგან ბაქტერია ასე თუ ისე მოვკალით ანტიბიოტიკით, მაგრამ ამ ნაწლავის ჩხირმა დააზიანა შარდის ბუშტის ლორწოვანი და სწორედ ამ შემთხვევას აბრალებენ ხოლმე პაციენტები შეცივებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი მიბმულია, მცირე მენჯი ე.წ. სუსტი წერტილი ხდება და შეცივების შედეგად იწყება ე.წ. სპაზმური მოვლენები. ამ დროს შეიძლება იყოს: წყვეტილი შარდვა, გახშირებული შარდვა და ა.შ. საკმარისია ჩავთბეთ და ეს გაივლის, მაგრამ შეცივება ბაქტერიებს ვერ გააჩენს, შესაბამისად ის აზრი, რომ ფეხზე შემცივდა და ცისტიტი დამემართა სტერეოტიპია. ამ დროს პაციენტს უბრალოდ ცისტიტისთვის დამახასიათებელი მოვლენები ემართება, ეს არ არის ბაქტერიებთან ასოცირებული პრობლემა, ის უბრალოდ ძალიან ჰგავს კლასიკურ ცისტიტს.
არსებობს თუ არა სიმპტომების გარკვეული ერთობლიობა, რომელიც ქალბატონს საშარდე გზების ინფექციაზე მიუთითებს?
მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ცისტიტი ქალბატონების ხვედრია, მაგრამ ის ყველა ქალბატონში ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ხშირი ჭარბი რაოდენობით შარდვა ვერ იქნება ცისტიტის მოვლენა. ხშირი მცირე რაოდენობით შარდვა შეიძლება ცისტიტის მოვლენა იყოს, მაგრამ არა გარანტირებულად, რადგან ამას შეიძლება სხვა მიზეზიც ჰქონდეს. მაგალითად, გამუდმებული მოთხოვნები შარდზე შეიძლება კენჭის გავლის დროსაც იყოს, როცა კონკრემენტი ძალიან ახლოს არის შარდის ბუშტთან, არის შარდსაწვეთში და ჯერ კიდევ არ არის გადასული შარდის ბუშტში. შარდვაზე ბრძანებითი, გახშირებული მოთხოვნები შეიძლება საკვერცხის ანთებითი პროცესის დროსაც იყოს, მით უმეტეს მაშინ, თუ ჩირქოვანი პროცესი მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ამ დიაგნოზის დასმა ბევრი ნიუანსისგან შედგება, მაგრამ სანამ გარკვეულ ანალიზებს გავაკეთებთ და თუნდაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გავიყვანთ პაციენტს, შეგვიძლია მისი ჩივილებიდან გამომდინარე ერთგვარი წინასწარი დიაგნოზი გამოვძერწოთ და შემდეგ ამის მიხედვით დავგეგმოთ სხვა მიზანმიმართული გამოკვლევები.
საშარდე გზების ინფექციის დროს ყოველთვის საჭიროა ანტიბიოტიკი თუ არსებობს სხვა გამოსავალიც?
არაჩვეულებრივი კითხვაა. დღესდღეობით, ცივილიზებული მედიცინა ცდილობს, პაციენტი მინიმალურად დატვირთოს ანტიბიოტიკით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ფაღარათია. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკის, განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის მიღების დროს შეიძლება ფაღარათი განვითარდეს. საშარდე გზების ინფექცია კი ფაღარათით იწყება ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ მორიგი ფაღარათი ამ მოვლენას კიდე უფრო გაამძაფრებს, ანტიბიოტიკი არ არის სასურველი, განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიტროფურანების ჯგუფი და ფიტოპრეპარატები, D-მანოზა, რომელსაც ერთგვარი დაცვითი ხასიათი აქვს და რომელიც ნაწლავის ჩხირს არ აძლევს საშუალებას, რომ შარდის ბუშტის კედელს მიეწებოს. თუ ჩვენ შედარებით ნაკლებად გამოხატული სიმპტომები გვაქვს, შეგვიძლია ნიტროფურანების და D-მანოზას კომბინაციით გავიდეთ ფონს, მაგრამ არა თვითნებურად, ეს ყველაფერი ექიმის მიერ ტაქტიკურად და სტრატეგიულად უნდა იყოს დაგეგმილი.
მე მყავს ბევრი პაციენტი, რომელსაც გარკვეულ ინსტრუქტაჟს ვუტარებ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პრობლემა შეიძლება 12-ჯერ და მეტჯერაც განვითარდეს, შესაბამისად, პაციენტმა შეიძლება 12-ჯერ ვერ მოახერხოს მოსვლა, ამიტომ ჩატარებული მაქვს ინსტრუქტაჟი იმის შესახებ, თუ როდის როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა მიიღოს მორიგი გამწვავების დროს. როცა ადამიანს ექიმთან ვიზიტამდე არაერთხელ ჰქონია ინფექციის რეციდივი, ბუნებრივია, მომავალშიც ექნება, ამიტომ მკურნალობის ტაქტიკაში მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები არის ჩადებული, რომ რეციდივმა რაც შეიძლება გადაიწიოს დროში. შეიძლება სრულად ვერავინ გავათავისუფლოთ რეციდივისგან, მაგრამ შესაძლოა ინტერვალის გაზრდა ამ რეციდივებს შორის, ასევე შესაძლოა იყოს 2-3 დღიანი ან უფრო ნაკლები ხანგრძლივობის გამოვლინებები. პაციენტს აქვს ერთგვარი სახელმძღვანელო, რომ იცოდეს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს და ამით ის ახდენს პრევენციას, რომ ყოველი გამწვავება არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც თავდაპირველი იყო.
სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს საშარდე გზების ინფექციამ, თუ ის არ არის დროულად ნამკურნალები ან არასწორად არის ნამკურნალები?
მე შემოვაბრუნებ თქვენს კითხვას და საშარდე გზების ინფექციის სიმპტომების პირველ გამოვლინებამდე დავალ. ვახსენე, რომ ამ პრობლემას შეიძლება ახასიათებდეს ცისტიტის მსგავსი მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა გოგომ დაიწყო სექსუალური ცხოვრება და უცებ მას დაეწყო ე.წ. ცისტიტის მსგავსი მოვლენები. ეს შეიძლება მართლაც საშარდე გზების ინფექცია იყოს ან შეიძლება იყოს ვაგინალურ ინფექციასთან ასოცირებული კლინიკური სიმპტომები. თქვენ წარმოიდგინეთ, ვაგინალურ ინფექციასთან საშარდე გზების ინფექციის არევა თუ მოხდა, რაც ძალიან რეალურია და სამწუხაროდ, ჩემი დაკვირვებით ამის დიფერენცირება ნაკლებად ხდება. ბოლო 2 თვის განმავლობაში მცირე სტატისტიკური კვლევა ჩავატარე, მორეციდივე საშარდე გზების ინფექციის მქონე ქალბატონებში. საშოდან მოლეკულურ-გენეტიკურ დონეზე ავიღე ნაცხი და გარდნერელა ვაგინალისის ანუ ბაქტერიული ვაგინოზის თანაარსებობა უროლოგიურ კლინიკასთან ერთად 31-35%-ს შეადგენდა. საშოდან წამოსული ინფექცია ძალიან ხშირია, ამიტომ საჭიროა სიტუაციის დროული შეფასება. სამწუხაროდ, მე ვერ ვნახულობ პაციენტებს პირველი მანიფესტაციით. ეს პირველი მანიფესტაცია კი აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული და უნდა იყოს გარკვეული, რა ხდება, რადგან საშარდე გზების ინფექციის არასწორი მკურნალობა, მორეციდივე საშარდე გზების ინფექციის წინამორბედი ფაქტორია და საშვილოსნოს მხრივ წამოსული ინფექციის არასწორი მკურნალობა უკვე რეპროდუქციულ პოტენციალს აყენებს საფრთხის ქვეშ. თუ არასწორად წავა პროცესი, ინფექცია საშვილოსნოში, თირკმელში ან ორივეში ერთად წავა, ამიტომ პირველი მანიფესტაცია აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, შარდის საერთო ანალიზი წარმოადგენს თუ არა ერთ-ერთ მთავარ კვლევას, რომელიც ზუსტად გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ანთებითი პროცესი?
რამდენიმე წლის წინ ამ კითხვაზე შეიძლებოდა კი მეთქვა, მაგრამ ახლა უკვე არას ვამბობ, ამდენწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ჩივილებით მოდის, მაგრამ ამ დროს შარდი აბსოლუტურად ნორმალურია, მასში არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება შარდში იყოს ლეიკოციტები და ა.შ. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არსებობს შემთხვევები, როდესაც უსიმპტომოდ შეიძლება იყოს ბაქტერიები ქალბატონში, შეიძლება იყოს კონტამინაცია ან დაბინძურება ვაგინალური ფლორიდან, შეიძლება საშოში მიმდინარეობდეს ანთებითი პროცესი და ამიტომ შარდში რაღაც ცვლილებები გამოჩნდეს. გამომდინარე აქედან, ნომერ პირველი ამოცანა ამ შემთხვევაში მაღალი მგრძნობელობის გენეტიკური კვლევებია, რაც მოგვცემს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საშოში და რა ხდება შარდში. ხშირად შარდში არსებული ბაქტერიები ჩვენს ნათესში ვერ ხვდება, მაგრამ რეალურად ზუსტად იმეორებს საშოს ფლორას, თუ სწორად ვეძებთ მათ. თუ საშოში ჯანსაღი, კარგი ფლორაა, იგივეა შარდის ბუშტშიც. თუ საშოში არის არაჯანსაღი ფლორა, იგივეა შარდის ბუშტშიც, მაგრამ ეს შეიძლება ბანალურ შარდის საერთო ანალიზში არ გამოჩნდეს.
შეიძლება შარდის შეუკავებლობა საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს?
გააჩნია რა ტიპის შარდის შეუკავებლობაზე გვაქვს საუბარი. შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ფორმა არსებობს. შეიძლება შარდის შეუკავებლობა გამოვლინდეს მუცლის შიდა წნევის მომატების დროს, მაგალითად, დახველებისას, დაცემინებისას, სტრესისას და ა.შ. და ეს არ არის საშარდე გზების ინფექციასთან ასოცირებული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მეორე ფორმის შარდის შეუკავებლობაც, გვაქვს ე.წ. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, როდესაც ბრძანებითი მოთხოვნა არის შარდზე და ადამიანი ვერ ასწრებს საპირფარეშომდე მისვლას. ხშირად მსგავსი სიტუაცია მწვავე ცისტიტის დროსაც გვაქვს, შესაბამისად, ცისტიტს, მწვავე საშარდე გზების ინფექციასაც შეიძლება ახასიათებდეს შარდის შეუკავებლობა.
რომელია შარდის შეუკავებლობის წამყვანი მიზეზები?
დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის, დახველების, დაცემინების, ხტუნვისას, სწრაფი სიარულისას უნებლიედ შარდის დაღვრის ძირითადი მიზეზი იოგოვანი აპარატის სისუსტეა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორი პიკი. პირველი ეს არის მძიმე, ტრავმული მშობიარობა, მშობიარობა დიდი ნაყოფით და ა.შ და მეორე ეს არის კლიმაქტერული პერიოდი, როდესაც ქალის ჰორმონის გამო, მცირე მენჯის გამოფიტვა, გამოშრობა ხდება და ეს განაპირობებს იოგოვანი აპარატისა და შარდსადენი მილის ჩამკეტი სტრუქტურების გამოფიტვას. შარდის შეუკავებლობის მესამე მიზეზი ჰიპერაქტიური შარდის ბუშტია, რომლის დროსაც მოულოდნელად ჩნდება მოშარდვაზე ბრძანებითი სურვილი. ასეთი ადამიანები ისე ეჩვევიან ამ მდგომარეობას, რომ ცხოვრების წესის გადაწყობაზე მიდიან. ეს ადამიანები იმდენად იკეტებიან საკუთარ პრობლემაში, რომ შეიძლება არც კი გავიდნენ სახლიდან. ამის მიზეზი შეიძლება ისევ და ისევ ჰორმონალური დისბალანსი, შარდის ბუშტის კედლებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იყოს, ეს შეიძლება იყოს ასაკობრივი პრობლემაც. ჩვენ მსგავსი პაციენტების რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ, ეს ადამიანები არასწორი რჩევებიდან და ინფორმაციებიდან გამომდინარე უიმედობაში არ უნდა იყვნენ და არ უნდა იფიქრონ, რომ მათ არაფერი ეშველებათ. ასეთ დროს ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა შევაფასოთ ფსიქოლოგიური ფონიც, რადგან საშარდე გზების ინფექცია ძალიან ძლიერად მოქმედებს ქალბატონების ფსიქიკაზე. ბევრი ცისტიტის ეპიზოდის გადატანის შემდეგ, ლორწოვანი იმდენად არის დაზიანებული, რომ პაციენტს მუდმივი ტკივილი აწუხებს. საკმარისია შარდის ბუშტში ჩადგეს შარდი და მათ მაშინვე ეწყებათ ტკივილი. ასეთ დროს კი სპეციალური სტრეს ჰორმონი გამოიყოფა. შარდის ბუშტში მცირდება სისხლის მიმოქცევა, შარდის ბუშტი ჰიპოქსიაშია და ამ დროს მისი გაძლიერებული შეკუმშვები იწყება. ეს ისეთი ნიუანსებია, რომელთა დალაგებაც ძალიან დიდ დროს საჭიროებს და შეიძლება სპეციალისტთან 1-2 ვიზიტი არც იყოს საკმარისი. მინიმუმ 1 მისვლა შეიძლება მხოლოდ პაციენტის მდგომარეობაში გარკვევას დასჭირდეს და მეორე მისვლა ამ პრობლემის მოგვარების გზების ახსნას.
როგორ უნდა მივხვდეთ რა ტიპის შეუკავებლობასთან გვაქვს საქმე, როგორ ხდება ამის დიაგნოსტიკა?
არსებობს კითხვარი, რომელზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარეც, ძალიან ადვილად ვხვდებით, რა ტიპის შარდის შეუკავებლობასთან გვაქვს საქმე. სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, 3 ძირითადი ტიპის შარდის შეუკავებლობა არსებობს.
პირველი, როცა მუცლის შიდა წნევა მატულობს და ამ დროს ეს უზარმაზარი მასა ნაწლავების და შიგთავსისა ეცემა ჩვენს შარდის ბუშტს. ამ დროს თუ შარდის ბუშტი სავსეა და იოგოვანი აპარატი ვერ შეიკრა, უნებლიედ ხდება შარდის დაღვრა. ეს არის შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, რომლის მიზეზიც იოგოვანი აპარატის სისუსტეა. იმის მიხედვით თუ რა ინტენსივობით, სიხშირით ხდება შარდის დაღვრა, ფასდება თუ რა ტიპის და რა სიმძიმის შარდის შეუკავებლობა გაქვთ, საწყისი, შუალედური, მძიმე თუ ძალიან მძიმე. ამის სპეციალური კითხვარიც არსებობს და ვისაც აინტერესებს, შეუძლია მომმართოს.
მეორე ტიპი ეს არის მოშარდვაზე ბრძანებითი მოთხოვნა, რომლის გაჩერებაც იმ მომენტში შეუძლებელია, მაგრამ სპეციალური მკურნალობის მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. ჰუპერაქტიური შარდის ბუშტის დროს უნდა გამოვრიცხოთ: შარდის ბუშტის ინფექცია, შარდის ბუშტის კენჭი, შარდის ბუშტის ონკოლოგიური პრობლემა.
მესამე ვარიანტია, როდესაც ორივე ზემოთ ხსენებული პრობლემა ერთდროულად იჩენს თავს, ანუ პაციენტს აქვს მოშარდვაზე ბრძანებითი შეუკავებლობის პრობლემაც და შარდის დაძაბვითი შეუკავებლობაც. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა იმის მიხედვით ირჩევა, თუ პრობლემის რომელი ფორმა უფრო მძლავრად არის გამოხატული. როგორც წესი, როდესაც ქალბატონი ჩივილების ჩამოთვლას იწყებს, მისი პირველი წინადადება 99%-ში იმ პრობლემას მიესადაგება, რომელიც უფრო აქტიურად არის გამოხატული.
შარდის შეუკავებლობის პრობლემა ცხოვრების რაღაც ეტაპზე გარკვეული მიზეზის გამო ჩნდება, რაიმე უწევს პროვოცირებას თუ შესაძლოა უბრალოდ ყველანაირი წინაპირობის გარეშე ერთ მშვენიერ დღეს იჩინოს თავი?
არა, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი პრობლემით ვერ გავიღვიძებთ, თუ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მაპროვოცირებელი რაიმე ფაქტორი არ დაგვემართა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის იმ ფორმაზე, რაც ცისტიტსაც ახასიათებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ პატარა გოგონებზე, 7-10 წლის ასაკის ბავშვებზე, რომელთაც ღრმა კისკისის დროს შეიძლება რაღაც მომენტში შარდი გაეპაროთ. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის 2 პიკი არსებობს, ეს არის მძიმე, ტრავმული მშობიარობა და კლიმაქტერიული ასაკი. ყველაფრის უკან დგას გენეტიკური მიდრეკილება და იოგოვანი აპარატის სისუსტე. ჩვენთან ძალიან მალე შესაძლებელი იქნება, რომ ანალიზების მეშვეობით დადგინდეს, ვის დაემართება შარდის შეუკავებლობა, ვის დაემართება საშოს კედლების დაწევა, ვის საშვილოსნოს გამოვარდნა. რაც შეეხება ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს, ეს დროში გაწელილი პრობლემაა, ორგანიზმის დაბერებასთან ერთად ბერდება: მცირე მენჯის ორგანოები, შარდის ბუშტის კუნთოვანი შრე, მისი სისხლძარღვები. ასაკთან ერთად ნელ-ნელა მატულობს მონდომების და ვერ მოსწრების პრობლემა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს პრობლემაც დაბერების თანამგზავრია, როგორც დაბერება ვერ მოხდება უცებ, ისე ჰიპერაქტიური შარდის ბუშტიც ვერ გაჩნდება უცებ.
აუცილებლად უნდა გკითხოთ „ფეისბუქ“ ჯგუფზე „ქალბატონებზე ზრუნვა“. რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ეს გვერდი და რაში ეხმარება ის ქალბატონებს?
დაახლოებით 4 თვეა, რაც ეს ჯგუფი შეიქმნა და მასში გაერთიანება ყველას შეუძლია. ამ ჯგუფში ნახავთ ყველა საინტერესო ინფორმაციას ქალთა უროლოგიაზე და არა მხოლოდ. სამომავლოდ ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ყველას შეუძლია სასურველი კითხვის დასმა. გვაქვს პროექტი „კითხვა ექიმთან“ და ქალბატონების აქტიურობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვაკეთებთ უკუკავშირს. ჩვენს ჯგუფში სამომავლოდ შეიძლება მოვიწვიოთ ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, სხვა ნებისმიერი განხრის ექიმი და გავაკეთოთ ლაივ ჩართვები. გვაქვს კიდევ ერთი პროექტი „ჯგუფის ამბასადორები“, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ის ქალბატონები, ვისთანაც უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და რომლებიც ჩემი ერთგვარი ელჩები არიან საზოგადოებაში და სხვადასხვა სწორ რჩევებს და რეკომენდაციებს იძლევიან. 15 ამბასადორი თბილისიდან ავარჩიეთ, 15 საქართველოს რეგიონებიდან, ახლა უკვე საზღვარგარეთ მცხოვრები ქალბატონებისგან ვაპირებთ გუნდის შეკვრას. ჯგუფში ბევრი ნიუანსის და დეტალის ჩაშლა შეგვიძლია. ჩვენთან განთავსებულია ძალიან ბევრი ვიდეო ლექციაც. ჩემს კოლეგასთან, გინეკოლოგ თამთა თოლორდავასთან ერთად გავაკეთე უზარმაზარი პროექტი, რომელიც ბაქტერიულ ვაგინოზს ეძღვნება და რომელიც ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ჯგუფში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ცნობადობა და პაციენტები სტერეოტიპებისგან და მეზობლების რჩევებისგან დავიცვათ. ყველას მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ.