LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კბილის კარიესი

151
კარიესი

კბილის კარიესი — პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. დედამიწის სხვადასხვა რეგიონში კარიესის გავრცელება და ინტენსივობა არაერთგვაროვანია. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით. უპირველესად უნდა აღინიშნოს ფტორის როლი. დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ფტორი, კბილების კარიესით დაზიანების სიხშირე მცირდება. კარიესის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება კვების ხასიათს. კვებაში აღსანიშნავია ნახშირწყლების როლი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კბილების კარიესის ინტენსივობას.

ნახშირწყლების ხშირი მოხმარებისა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმები მჭიდროდ ემაგრებიან კბილის ზედაპირს და დროთა განმავლობაში წარმოქმნიან კბილის ნადებს. ნახშირწყლების შემდგომი მიღება იწვევს მინანქრის ზედაპირზე მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ლოკალურ ცვლილებას. იგი აღწევს კრიტიკულ დონეს. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად დიდდება მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები. წარმოქმნილ მიკროდეფექტებში ყალიბდება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების შეღწევისთვის ანუ საბოლოოდ მჟავაწარმომქმნელი კერა მინანქრის ზედაპირიდან გადადის თვით მინანქარში. საბოლოოდ წარმოიქმნება კარიესული დეფექტი.

კბილის კარიესის დიაგნოზი ისმევა ანამნეზის შეკრებით და კლინიკური გამოკვლევით. ეს არის: დათვალიერება, ზონდირება, თერმოდიაგნოსტიკა, ელექტროოდონტომეტრია. დამხმარე გამოკვლევა: რენტგენოლოგიური კვლევა. ზედაპირული კარიესისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ტკივილები, ძირითადად ქიმიური გამღიზიანებლისგან (ტკბილი, მლაშე). ტკივილი აღმოცენდება ასევე ტემპერატურული გამღიზიანებლით. კბილის დათვალიერებით დაზიანების უბანში აღინიშნება მცირე დეფექტი ღრუს სახით. ტკივილი სწრაფად ქრება გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ. კბილის კარიესის წარმოშობის თანამედროვე შეხედულებიდან გამომდინარე, კარიესის პროფილაქტიკა მიიღწევა სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა: ორგანიზმის გამოჯანმრთელება, ნახშირწყლების მიღების შეზღუდვა, კვების რეჟიმი, მაგარი საკვების მიღება, პირის ღრუს ჰიგიენა, ნერწყვდების გაუმჯობესება, ყბა-კბილთა დეფორმაციების მოცილება, კბილის ბუნებრივი ფისურებისა და ბრმა ფოსოების ჰერმეტიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები