სულ მალე, კეიტ უინსლეტის მონაწილეობით ფილმი „ჩვენს შორის მთებია“ გამოვა, სადაც პარტნიორობას მას იდრის ელბა უწევს. სპეციალურად ფილმის პრემიერისთვის უინსლეტმა გაზეთს The Sun ინტერვიუ მისცა. მისი მსვლელობისას კი მსახიობმა აღიარა, რომ 12 წელია სასწორზე არ დამდგარა და შესაბამისად, რეალური წონაც არ იცის.
კეიტის თქმით, უკანასკნელად ის 2005 წელს აიწონა და ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში აღარ აპირებს. ხოლო ეპიზოდზე, სადაც ელბას ის ხელში აყვანილი მიჰყავს, უინსლეტი სიცილით აღიარებს, რომ ამ რამდენიმე წუთში მან ბევრი ინერვიულა:
„მას ძალიან გაუჭირდა. არ ვიცი რამდენს ვიწონი, რადგან 12 წელია აღარ ავწონილვარ, რათა ხასიათი არ გავიფუჭო. ჩემი წონა და პლუს სველი ტანსაცმელი… საწყალი იდრისი“, – იხსენებს ვარსკვლავი.
უინსლეტი თავის ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ამჯობინებს იყოს ჯანმრთელი, ვიდრე გამხდარი.