კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” პარლამენტში 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი; – ევროპული საქართველო – 5 მანდატი; – ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი; – მოქალაქეები – 2 მანდატი; – ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი. შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ცხრა პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.
