LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენგურუები, ანტილოპები, პინგვინები – ზოოპარკს რამდენიმე დღეში ახალი ბინადრები ეყოლება

306

თბილისის ზოოპარკს მაისის ბოლოდან ასზე მეტი ახალი ცხოველი შეემატება, მათ შორის ისეთი სახეობები, რომლებიც ზოოპარკს ჯერ არ ჰყოლია.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ აღნიშნა, დამთვალიერებელს 22 მაისიდან, კენგურუს ერთ–ერთი, შედარებით პატარა სახეობის, ასევე 2 სახეობის პრიმატების, ხალებიანი ირმების, ანტილოპა გნუს, პატარა მღრღნელი – დეგუს, ასევე პინგვინების ხილვის საშუალება ექნება.

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკები, საერთო ჯამში, ასზე მეტ ახალ ცხოველს აჩუქებს. მსგავსი თანადგომის აქციას ევროპელი კოლეგები თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის გასული წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ პერმანენტულად ახორციელებენ, თუმცა ყველაზე მასშტაბური მატება სტიქიის შემდეგ სწორედ მაისის ბოლოდან განხორციელდება.

ვოლიერები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ზოოპარკის ახალი მობინადრეებისთვის არის აუცილებელი, მზად არის.

რაც შეეხება 13 ივნისს, სტქიიდან ერთი წელი სრულდება და ზოოპარკის ადმინისტრაცია ამ დღეს, საზოგადოებას განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის მადლობას აქციით გადაუხდის – 13 ივნისს დამთვალიერებლებისთვის ზოოპარკში ვიზიტი უფასო იქნება.

სხვადასხვა ღონისძიებით შეხვდება ზოოპარკი, ტრადიციულად, 1 ივნისს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალი, ხის, ეკოლოგიურად სუფთა გასართობი ატრაქციონები გაიხსნება. ამ ახალი გასართობებით სარგებლობა კი უფასო იქნება.

რაც შეეხება თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანას, როგორც მზია შარაშიძემ აღნიშნა, უკვე სრულდება ვოლიერების მშენებლობა, გასულ წელს გადარჩენილი დათვებისა და მგლებისთვის. 3 დათვი და 2 მგელი ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ზაფხულიდან, ბუნებრივ პირობებში იცხოვრებენ, რასაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ახალი ზოოპარკისთვის შემოღობილი საკმაოდ დიდი ფართობი იძლევა. საბოლოდ, თბილისის ზოოპარკის ყველა ბინადრის ახალ ტერიტორიაზე „გადასახლება“ ეტაპობრივბად, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g