იმ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
„შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება.
გვინდა, განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ,” – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.