ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოში ენერგოეფექტურობის სექტორის განვითარება იყო.
ქართულმა მხარემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ევროდირექტივებითაა განსაზღვრული. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში ორი ძირითადი მიმართულებით – ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით მუშაობენ.
„ჩვენი აზრით, საქართველოში ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც დღეის მდგომარეობით განვითარების სტადიაშია. მიგვაჩნია, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომ სამშენებლო კომპანიებმა და მწარმოებლებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ, სამინისტროსთან ამ კუთხით ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ოლაფ ზიმელკამ.