LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ „ფეისბუკი“ და „ტვიტერი”, ბიძინა ივანიშვილი გვაჩეჩებს „ადნაკლასნიკებს“

161
Untitled design (1)

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება, რომ ქართველი ხალხი არ არის პუტინის მსახური და აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

„ეს არის ტერორიზმი.. მოსკოვის დახმარებით კლავენ“ – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში

ლევან ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ბრძოლა და ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის“.

„ჩვენ გვინდა, საქართველო ქართველებთან ერთად ავაშენოთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველო ქართველების გარეშე. ჩვენ გვინდა ჩვენს შვილებს ნორმალური განათლება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მარტო კალაძის, ღარიბაშვილის და მის შვილებს ჰქონდეს ნათელი მომავალი.

ჩვენ გვინდა. ჩვენს პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას, მათი ოჯახის წევრებს მილიარდები ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ.

ჩვენ გვინდა, ადამიანებმა იცხოვრონ და არა იარსებონ. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი იყოს ამ ქვეყანაში და რაც შეიძლება დააბეჩავოს ქართველი კაცი, რომ ქართველი უიმედობაში იყოს, ამ ქვეყანაში ცოტა დარჩეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ემიგრანტები: დედები, მამები, დები, ძმები ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გვინდა, რომ ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში იყოს, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს. ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ „ფეისბუკი“ და „ტვიტერი”, ბიძინა ივანიშვილი გვაჩეჩებს „ადნაკლასნიკებს“, არადა ახალგაზრდებმა უკვე დიდი ხანია გააკეთეს არჩევანი „ფეისბუკსა“ და „ადნაკლასნიკებს“ შორის!

მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართო. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი უკეთესი მომავლისთვის, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ იცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, რომ არ გაიქცეთ ამ ქვეყნიდან, რომ არ გეშინოდეთ მეგობრის ყავაზე დაპატიჟების, რომ არ გეშინოდეთ მეგობრის დაბადების დღის მოახლოება, რომ არ გეშინოდეთ გართობა, არ გეშინოდეთ, რომ ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ.

ეს ბრძოლა არის თქვენი და ვინც სხვადასხვა ეთერიდან გიყვებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, რომ ეს არის პოლიტიკური ლიდერების ბრძოლა და გაყურებინებენ დაპირისპირებულ ოპოზიციას, კარგად იცოდეთ, რომ ეს ხალხი არის თქვენი მტერი, საქართველოს მტერი და ბიძინას მოკავშირე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g