„ძალიან მნიშვნელოვანია, ჯვრის მონასტერში რეაბილიტაცია სწრაფად ჩატარდეს. ამერიკელებმა, დასავლელმა პარტნიორებმა ასი ათასობით დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ თეა წულუკიანს ეს ფინანსები შეჩერებული აქვს“, – ამის შესახებ ჯვრის მონასტერთან მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი და კედლებზე გაჩენილია რუსული წარწერები“.
„ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, ის, რომ „ჯალათეა“, ფაქტობრივად, ანგრევს, ანადგურებს გელათს. საზოგადოებამ ჩვენი შეთავაზებაც იცის და ძალაშია, რომ მზად ვართ, ჩამოვიყვანოთ პროფესიონალები, უზრუნველვყოთ, მათ შორის, ფინანსურად დავეხმაროთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას, რომ რაც გელათისგან არის დარჩენილი, ის მაინც არ განადგურდეს.
ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის, წულუკიანის ხელში, ფაქტობრივად, ინგრევა.
ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და მონასტერზე გაჩენილია რუსული წარწერები.
უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ეს [საკითხი] ეხება პირველ რიგში, „ჯალათეას“, რომელიც არის მინისტრი და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციას, ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ადამიანებს.
ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა – VI საუკუნის მონასტერი არ ნადგურდებოდეს. სამწუხაროდ, ეხება „ჯალათეას“, ადამიანს, რომელიც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.
ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ რამდენიმე წუთში დაიწყონ საქმიანობა, რომელიც ჯვრის მონასტრის არდანგრევას, ქვების ცვენისა და ვანდალიზმის შეჩერებას უზრუნველყოფს.
ამ შემთხვევაშიც პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვთავაზობ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.