მარტში ხაჭაპურის ინდექსი, თებერვალთან შედარებით, შემცირდა. კერძოდ, ISET-ის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 4.61 ლარი ჯდება. ეს წინა თვესთან, თებერვალთან, შედარებით, 1,7% -ით დაბალია და 3,4% -ით მეტია 2020 წლის მარტთან შედარებით.
ISET-ის ცნობითვე, მარტის თვეში ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ყველა ქალაქში შემცირდა. მან ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ქუთაისში (3.1%). ამჟამად ხაჭაპური ყველაზე იაფი სწორედ ქუთაისშია. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასი 4.63 ლარიდან 4.49 ლარამდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურის ინდექსის კლება სეზონური ტრადიციაა, რადგან ამ დროს ახალი რძის წარმოება მზარდია, რასაც დიდი მარხვაც ემთხვევა და მოთხოვნის დროებითი ვარდნის გამო, ფასის კლებაც ნორმალური მოვლენაა.
ცნობისთვის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის “იმერული ხაჭაპურის” მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის.