კორონავირუსმა გავლენა ქვეყანაში ხაჭაპურის ინდექსზეც მოახდინა. Covid-19-ის გამო გამოწვეული პანიკური შესყიდვები და თავის მხრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურება – ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც, ჩვენს ქვეყანაში ხაჭაპურის ცხობა გაძვირდა და სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 4.4 ლარი ჯდება.
ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია ISET-იმ ჩაატარა. მის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 2 %-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.6%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ISET შესაბამის კვლევას ყოველთვიურად აქვეყნებს და ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონების აგრარულ ბაზრებში პროდუქციის ფასებს იკვლევს.
ცნობისთვის, ISET-ის კვლევითი ცენტრი 2011 წლის მაისში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე გაიხსნა და ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევებსა და ტრენინგებს.
