LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი როცა დაიბრუნებს ძალაუფლებას, მაშინ გავხდებით ევროპის ნაწილი“ – რიგგარეშე სესიის მოწვევის ოპოზიციის გეგმა და გამოხმაურებები “ოცნების” შეთავაზებაზე

97
BeFunky-collage (29)

„ქართულმა ოცნებამ“ პირველ ივლისს წარმოადგინა გეგმა, იმის შესახებ თუ როგორ აპირებს რეფორმების განხორციელებას. გეგმა, ძირითადად, კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.

საკითხზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

როგორც  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნის ეროვნული ამოცანაა და ვერ წავა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით და დასძენს, რომ პროცესები უნდა განვითარდეს საერთო ეროვნული დღის წესრიგით, რასაც სჭირდება შეთანხმება.

“დეპოლარიზება მოხდება იმის პროპორციულად, რა პროპორციითაც დააბრუნებს ბიძინა ივანიშვილი მიტაცებულ ძალაუფლებას, ანუ დავიბრუნებთ საქართველოს და საქართველოზე მართვის უფლებას.

როცა ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, მაშინ გავხდებით ევროპის ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირება რომ არ გადაეხიათ ხალხისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტი რომ არ გადაეხიათ ევროპელებისთვის, მაშინ რა პრობლემა იქნებოდა, შევიდოდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს; შესაბამისად, მხოლოდ მისი დღის წესრიგით ეს პროცესი ვერ წავა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ გაქრეს და აღიგავოს მიწისაგან პირისა, ეს დემოკრატიული ქცევა არ არის. მიტაცებული ძალაუფლება ნიშნავს მიტაცებული სასამართლოს, პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების დაბრუნებას. ვისაც სჯერა ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძის, რომ მათ ევროპა უნდათ და ივანიშვილი მათ ძალაუფლებას აჩუქებს, იმუშაოს იმ ხალხმა კომისიებში იმ პირობებით, რაც კობახიძემ თქვა. ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, აქციის ნების რეალიზებას ვინც ახდენს, იმ ხალხსაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ბოლოს. ჩვენ გვინდა, საერთო პროცესი იყოს და არა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რა სურს „ქართულ ოცნებას“.

„რაც შეეხება 12 პუნქტს და „ქართული ოცნების“ ჯგუფებში მონაწილეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კომიტეტებზე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აქამდეც დავდიოდით. მე ვფიქრობ, მოსმენების ამ ნაწილსაც ოპოზიცია უნდა დაესწროს – მეც უნდა დავესწრო და სხვებიც უნდა დაესწრონ. უნდა გავიგოთ, მართლა რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რეალურად რა არის ის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ, რამდენად აქვს მას კავშირი ევროინტეგრაციასთან. ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუყვეთ, რასაც ვაკეთებთ და რაშიც ვმონაწილეობთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გვეხმარება, თუ უბრალოდ, ფორმალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი შექმნას, თითქოს რამეს აკავებს.

ჩვენ ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ ის არ ვათქმევინოთ, რომ ჩვენ რაღაცა გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო.პარალელურ რეჟიმში, ველაპარაკებით იმაზე, თუ რა იქნება, მათი აზრით, პოლარიზაციის დამამთავრებელი მათთვის; ოპოზიცია როდის შეწყვეტს ჩხუბს და ხელისუფლებამ ამისთვის რა უნდა გააკეთოს. მთავარი ევროინტეგრაციის შემაფერხებელი არის ჩვენი ჩხუბი, პოლარიზაცია, რომლისგანაც მოდის შენიშვნების უდიდესი ნაწილი. დეოლიგარქიზაციაც ეს ნაწილია შენიშვნების.

გვინდა, ოპოზიციის მხრიდან დავინახოთ, რა არის ის, რაზედაც ისინი ჩხუბს შეწყვეტენ, მერე ხელისუფლების ნაბიჯებს დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ჩაშლის ამ პროცესს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ რიგგარეშე სესიის მოსაწვევად საჭიროა საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობა. ის იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისთვის ოპოზიციის აქტიურობა.

პრეზიდენტთან კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს „მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანიც.

„ვფიქრობ, [რიგგარეშე სხდომას] იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ცვლილებები უნდა იქნეს მიღებული. უბრალოდ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც არაფერი მოჰყვება, არაფრის მომცემი იქნება. გარდა ამისა, საჭიროა წინასწარ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან მან უნდა ჩანიშნოს ეს სხდომა,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხება იმ 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც შესასრულებლად საქართველოს ევროკომისიამ განუსაზღვრა.

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე და აღნიშნულს მოუმზადებელ და ნაჩქარევ ინიციატივად აფასებს. რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიქანაძე აცხადებს, რომ 12-პუნქტიან გეგმასთან მას კავშირი არ აქვს.

მისივე თქმით, საკითხების განსახორციელებლად საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია. ამასთან, როგორ გივი მიქანაძემ აღნიშნა, საშემოდგომო სესიამდე, ივლისსა და აგვისტოში სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაიმართება კომიტეტის სხდომა.

“ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან. საარჩევნო თემებთან დაკავშირებით იქ არის ცალკე პუნქტი და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო საუბარი, გარწმუნებთ, ეს საკითხი ასახული იქნებოდა იქ და ეწერებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოთ, რომელიც ბარიერის დაწევასთან არის დაკავშირებული. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენმა გუნდმა ერთი წლის წინ საშემოდგომო სესიაზე გამოხატა პოლიტიკური ნება, როდესაც პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს.

ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ პროცესი გაგრძელდეს, თუმცა, სწორედ პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ამ ნაბიჯების გადმოდგმა გახდება საფუძველი იმის, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ერთობლივად საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე, ამჟამად ჩვენი მიზანი არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები საკონსტიტუციო ცვლილებებზე,”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება.

პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება

magti 5g