ინფლუენსერი, იუმორისტი და „კომედი შოუს“ წევრი დათუნა ტატულაშვილი, რომელსაც სოციალურ ქსელებში ასი ათასობით გამომწერი ჰყავს, ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
არ შემიძლია, მოვეშვა და ერთ ადგილას გავჩერდე. რაც სოციალურ ქსელებში კონტენტს ვქმნი, პაუზა არ მქონია. ეს მომწონს ჩემს თავში. უფრო და უფრო აქტიური ვხდები, რადგან კარგად მახსოვს ის შრომა, რამაც აქამდე მომიყვანა და ახლა ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია, ყოველდღე, თუნდაც, ერთი იუმორისტული ვიდეო მაინც დავდო. რთულ მომენტებშიც კი არ ვჩერდები. მაგალითად, პაპა ახალი გარდაცვლილი რომ იყო, მაშინაც კი ვდებდი ამ ვიდეოებს, იმიტომ, რომ ამ საქმეს სამსახურივით ვუყურებ, ძალიან მიყვარს და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. შემიძლია, საქმე და ჩემი ცხოვრებისეული სირთულეები ერთმანეთისგან გავმიჯნო, თორემ განა რთული პერიოდები არ მაქვს. საერთოდ, რადგან იუმორისტული კონტენტი მაქვს და ხალხს ჰგონია, ყოველდღე კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ზოგჯერ, ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფიც ვდებ იუმორისტულ ვიდეოებს, იქიდან გამომდინარე, რომ ასეა საჭირო.
– რთულ პერიოდებში როგორ ეხმარები საკუთარ თავს, რომ არ დანებდე?
– საერთოდ, უამრავი ადამიანისგან მომდის შეტყობინებები. ძალიან თბილ სიტყვებს მწერენ. როცა დეპრესიული ფონი მაქვს და ამ შეტყობინებებს ვკითხულობ, როცა ვხედავ, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს, როცა მწერენ, როგორ დავეხმარე ვინმეს ჩემი ერთი ვიდეოთი, მაგალითად, როგორ გამოვუკეთე ხასიათი ონკოპაციენტს და ასე შემდეგ, ეს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ამას რომ ვკითხულობ, ჩემს თავს ვეუბნები, ხედავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ, რამდენს აძლევ სტიმულს, ახარებ და შენ თვითონ რის გამო ხარ დეპრესიაში-მეთქი?! ასე ვაძლევ სტიმულს ჩემს თავს და უცებ გამოვძვრები ხოლმე ამ მდგომარეობიდან. ამდენ ადამიანს რომ უყვარხარ და ფაქტობრივად, „ჰეითიც“ არ გაქვს, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასევე, მყავს ძალიან კარგი მეგობრები და ისინი მეხმარებიან განწყობის შექმნაში.
– შენთვის ვინ არის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– ჩემი თავის გარდა, არავინ. როცა ეს ყველაფერი დავიწყე, ყველა წინააღმდეგი იყო. მახსენდება, რომ თავიდან არავის მოსწონდა, ეგონათ, უხეშად რომ ვთქვათ, „ვცანცარებდი“, ეგ ძალიან კარგად მახსოვს და ამიტომ, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი ჩემი მოტივატორი აღარ არის (იცინის). მერე კი შეეცვალათ დამოკიდებულება, მაგრამ ხომ იცით, ადამიანს ასეთი რამეები არ ავიწყდება. ის მახარებს, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცე და ცუდს არაფერს ვაკეთებ, თუნდაც, უკვე რამდენი ხანია, ბიჭის მხრიდან ქალის პაროდია აღარ ტეხავს…