ქიბარ ხალვაში მოითხოვს პრეზიდენტისგან, აწარმოოს სასამართლოს მონიტორინგი, რადგან, ბიზნესმენის მტკიცებით, სასამართლო „ნაციონალური მოძრაობისგან“ ზეწოლას განიცდის. ხალვაში და მისი ადვოკატი თხოვენ მარგველაშვილს, სასამართლო პროცესს მისი წარმომადგენელი დაესწროს.
ხალვაშის თქმით, პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ იგი იურისტი არ არის და დასკვნის გასაკეთებლად მეორე მხარესაც მოუსმენს.
„მე პრეტენზია მაქვს რუსთავი 2-ზე, მოპასუხეები როგორც ამბობენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არის სააკაშვილის და გვარამიას დაწერილი ტექსტი და არ შეესაბამება რეალობას,“ – ამბობს ხალვაში.
ამასთან, ბიზნესმენი იხსენებს, როგორ აიძულეს, ტელეკომპანია დაეთმო.
„2006 წლის 16 ნოემბერს ღამის 11-ის ნახევარზე შევედი პრეზიდენტ სააკაშვილთან სალაპარაკოდ და მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რათა მე და ჩემს ოჯახს უფრო კარგად გვეცხოვრა და არ გვქონოდა პრობლემები. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა დიმა ქიტოშვილი მეგობართან ერთად და გადაიფორმეს „რუსთავი 2“ – ჰყვება ხალვაში.
მისი თქმით, ტელეკომპანია მან 7 მილიონ 300 ათას დოლარად შეიძინა, მას კი 300 ათასი ლარი გადაუხადეს.
რაც შეეხება ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან მის ურთიერთობას, ხალვაში ამბობს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მან 1 200 000 გადაუხადა, ტაბატაძეს კი 100 ათასი. ამასთან, ხალვაში ამბობს, რომ კიდევ 6 მლნ გადაიხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის გადაუხადა აღნიშნული თანხა.