19 ივნისს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა.
რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი – ანუკი ცქვიტინიძე, წარმოდგენაში გაჟღერებული სიმღერების ტექსტების ავტორი – ანა ნიკოლავა.
სპექტაკლში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
სპექტაკლმა მაყურებლისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ეს არის პირველი სპექტაკლი მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრში ახალი ხელმძღვანელობა, ირინე სოლტიში და ანი კავლელიშვილი დაინიშნენ.
ირინე სოლტიში, თეატრის დირექტორი:
პრემიერის შემდგომმა ემოციებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ვღელავდით, რადგან საპრემიეროდ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. ძალიან მოინდომა თეატრის თითოეულმა თანამშრომელმა და ადმინისტრაციამ, რომ პრემიერა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ეკადრებოდა გრიბოედოვის თეატრის 180 წლის იუბილეს აღნიშვნას. ვფიქრობ, წარმატებით გავართვით თავი ამ ამოცანას. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ შემოქმედებითი მხარეც ყოფილიყო ჩართული სიახლეებში.
შემდგომ სეზონს გავხსნით იმ სპექტაკლით, რითაც დავასრულეთ სეზონი, „ხანუმას“ ვგულისხმობ. გარდა ამისა, ნიკა ჩიკვაიძე დაიწყებს ახალ პიესაზე მუშაობას, სეზონის გახსნისას მეორე პრემიერას შემოგვთავაზებთ. სურვილი მაქვს, რომ მესამე პრემიერაც ჩავუშვათ, რომ მცირე სცენაც დატვირთული იყოს.
ანი კავლელიშვილი, თეატრის აღმასრულებელი დირექტორი:
ჩვენი თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურა 180-ე საიუბილეო სეზონი. ეს სპექტაკლი გრიბოედოვის სცენაზე მანამდეც დადგმულა, თუმცა ახალი ინტერპრეტაციით თეატრის მთავარმა რეჟისორმა, ანდრო ენუქიძემ წარმოადგინა. თანამედროვე დეკორაცია, შერწყმული კლასიკური ხასიათის კოსტიუმებთან, განსხვავებულ ელფერს ქმნიდა სცენაზე. ბედნიერები ვართ, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. უკვე ორი დღე გავიდა პრემიერიდან და მოხარულები ვართ, რომ ვისმენთ საუკეთესო შეფასებებს ჩვენი მაყურებლისგან, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ ამ სცენაზე მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარი წარმოვადგინოთ. იმედი გვაქვს, მაყურებელიც გამოგვყვება და შემდეგი სეზონიდან ჩვენი თეატრის კარი სხვადასხვა საინტერესო პროექტისთვის გაიხსნება.
ანუკი ცქვიტინიძე, სპექტაკლის კომპოზიტორი:
გუშინ ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო – გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ჩემი დებიუტი შედგა!
ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სპექტაკლ „ხანუმასთვის“ შევქმენი მუსიკა, რომლის პრემიერამაც სრული ანშლაგით და დიდი წარმატებით ჩაიარა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ირინა სოლტიშს და ანი კავლელიშვილს, რომელთა ნდობამ და სიყვარულმა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. მადლობა ჩემს ოქროს რომა გიორგაძეს, რომელმაც ჩემი მუსიკა საორკესტრო ვერსიებით გაამდიდრა. ასევე, მადლობა რეჟისორ ანდრო ენუქიძეს და თეატრის უნიჭიერეს დასს ასეთი საინტერესო თანამშრომლობისთვის!
