LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაიშვილის პანენკა და ყენია 3 წლის შემდეგ

114

ქართველი ლეგიონერების ნაწილისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. შვედეთში, ნორვეგიაში, ბალტიის ქვეყნებში ჩემპიონატები მორჩა. გარდა ამისა, აღვნიშნოთ ლევან ყენიას გოლი ლუქსემბურგში, რაც მისთვის საკლუბო კარიერაში 3 წლისა და 2 თვის შემდეგ პირველი გოლია.

დასრულდა შვედეთის ჩემპიონატი. ბოლო, 30-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის “გეტებორგმა” სტუმრად 3:1 დაამარცხა “ოერებრო”.
ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში დიდებულად შეასრულა.
გიორგიმ ქვეყნის პირველობის 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
“გეტებორგმა” 31 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატზე მოკრძალებული მე-11 ადგილი დაიკავა.

 

 

ლუქსემბურგის პირველობის მე-11 ტურში “დუდელანჟმა” საკუთარ მოედანზე “ეტზელა” 4:2 დაამარცხა და ამ მატჩში გოლი 49-ე წუთზე ლევან ყენიამ გაიტანა.
ყენიამ “დუდელანჟში” პირველი გოლი გაიტანა.

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში “უფამ” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა მოსკოვის “სპარტაკი”.
მასპინძელთა გუნდის მარცხენა მცველმა ჯიმი ტაბიძემ დაცვით ფუნქციებსაც გაართვა თავი, შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და ორივე გოლი მისი გადაცემით გავიდა.
რაც შეეხება “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, ისევ არ იყო განაცხადში.

 

ყაზახეთის პრემიერლიგის 33-ე ტურში “ტობოლმა” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა “ყიზილჟარი”.
ამ შეხვედრაში ანგარიში უკვე 56-ე წამზე ნიკა კვეკვესკირმა გახსნა. ის 67-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეცვალა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ტობოლმა” მესამე ადგილი გაინაღდა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულის “პუშკაშ აკადემია” ბუდაპეშტში 2:3 დამარცხდა მტკ-სთან.
ამ შეხვედრაში არაბულმა გოლი გაიტანა. მან გასულ ტურში “დიოშდიორის” კარიც დალაშქრა.
მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 11 მატჩში გატანილი 3 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები