პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ფინანსურ სირთულეებსა და ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს.
პაატა თედიაშვილი: „ჩემი სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენეს…“
„დედა ექიმი ლაბორანტი იყო, 25 წელი იმუშავა, თუმცა, როცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხალხი ხელფასს და მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. დედამ ჯანმრთელობის გამო სამსახურს დაანება თავი. ურთულესი პერიოდი გვქონდა. მახსოვს, სახლიდან მზესუმზირას და ლიმონათს ვყიდდით. დილით ადრე ვდგებოდი, სახლში მომქონდა და ვყიდდი. შემდეგ, ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარზე. რა ვიცოდი ყველის შერჩევა და თურმე, გვატყუებდნენ, ნახევარზე მეტი წათხი რჩებოდა და მოგების ნაცვლად ვალები დაგვედო. უჭმელობით და უსმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა. მახსოვს, მე და ჩემი და როცა ვაბარებდით და რკინიგზის სადგურზე მატარებელს რომ ველოდებოდით, დედას არაერთხელ უკითხავს, დარწმუნებულები ხართ, რომ შეძლებთ? ხომ იცით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ამის მეშინიაო. მაგრამ ორივემ ისე დავიჟინეთ, რომ დედა გაოცებული იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, აუცილებლად გვესწავლა და ამისთვის ყველაფერს შევძლებდით. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს და გვეამაყება, რომ მაშინ უკან არ დავიხიეთ, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო. იმდენად მძიმე მატერიალური მდგომარეობა გვქონდა, ხაშურში ტყეში დავდიოდით ხოლმე, მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით, რომ გადავრჩენილიყავით. თუმცა, ეს კიდევ უფრო ადრე იყო.
კი სტუდენტობა ურთულესი იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ. ადამიანური თვალსაზრისით არ შევცვლილვართ. ყოველთვის ვგრძნობთ, ვის უჭირს და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. სახლში ნაკლები საკვები მიმიტანია და ქუჩის ძაღლებისთვის მიყიდია საჭმელი, ამით ბედნიერი ვყოფილვარ. ისეთი გზა გამოვიარე, ყველაფრის ფასი ვიცი. დღეს ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს.“ – იხსენებს პაატა თედიაშვილი.