LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ჭყონია: საქართველოში ქალთა ფეხბურთი პროგრესს განიცდის

505
FORTUNA.GE (9)

რატომ გადაწყვიტა ფეხბურთელობა, რომელ ფეხბურთელს გულშემატკივრობს და რას ფიქრობს ქალთა ფეხბურთის მდგომარეობაზე საქართველოში –  რადიო “ფორტუნას” კითხვებს საქართველოს ქალ-ფეხბურთელთა ნაკრებისა და “ლანჩხუთის” წევრი, ხატია ჭყონია პასუხობს.

 

ხატია, “ლანჩხუთის” წარმატების შემდეგ მთელმა საქართველომ გაგიცნოთ და მინდა მეც კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ ცოტამ თუ იცის თქვენი ისტორია. როგორ და როდის გადაწყვიტეთ ფეხბურთელი გამხდარიყავით? ვინ იყო თქვენი ინსპირაცია?

რომ გითხრათ, ვინმეს გამო შემიყვარდა ფეხბურთი მეთქი, მოგატყუებთ. მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიოს სახით ბავშვობაში  საყვარელი ფეხბურთელი მყავდა, ახლა კი კრისტიანო რონალდოს ვგულშემატკივრობ, ფეხბურთელობა მათ გამო არ გადამიწყვეტია. უბრალოდ ბავშვობიდანვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ბურთთან ერთად და სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მაშინ არც მოედნები იყო და ბურთიც იშვიათად თუ ექნებოდა ვინმეს, თუმცა როცა მეზობელ უბანში მიდიოდნენ სათამაშოდ, მეც მეძახდნენ.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება გადავლახე, საბედნიეროდ ჩემი მშობლებისგან მხარდაჭერა მქონდა. ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული დედაჩემისთვის უფრო ძნელად მისაღები იყო, რადგან გოგო ვარ და ფიქრობდა, რომ ეს კაცების სპორტია. თუმცა დედა მალევე მიხვდა, რომ ფეხბურთის გარეშე არ შემეძლო და გვერდში დამიდგა. მამაჩემი ყველა ვარჯიშზე და თამაშზე დამყვებოდა. ჩემი მშობლების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვარ.

რა ასაკიდან დაიწყო თქვენი კარიერა?

ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქალთა ფეხბურთი არსებობდა. ყოველთვის ბიჭების გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. როდესაც 11 წლის ვიყავი, სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც ქობულეთის სპორტ-სკოლის დირექტორი ზურა კახიძე ესწრებოდა. მან ქალთა გუნდი ჩამოაყალიბა და მიმიწვია, რის შემდეგაც ბათუმში ვთამაშობდი.

ერთხელ, როდესაც თბილისის გუნდს ვეთამაშებოდით, ნაკრების მწვრთნელმა, მაია ჯაფარიძემ შემამჩნია, რომელიც დამკვირვებლად იყო მატჩზე. 13 წლის ასაკში უკვე ნაკრებში გამომიძახეს. ამის შემდეგ ჩემი კარიერა თურქეთში გაგრძელდა, თუმცა ნაკრებში სულ ვთამაშობდი და ახლაც ვთამაშობ. თურქეთში 10 წელი გავატარე და ერთი წელია, რაც დავბრუნდი. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩემპიონატი ტარდება, უფრო მეტი ყურადღება გვექცევა და მეძლევა შანსი, რომ საქართველოში ვითამაშო.

“ლანჩხუთი” ძალიან დიდი წარმატების ავტორი გახდა, თუმცა წინ კიდევ დიდი სირთულეებია.  ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გუნდი  შვედურ “როზენგარდს” დაუპირისპირდება დეკემბერში. რა იცით მეტოქე გუნდზე, რამდენად ძლიერია “როზენგარდი” და აღემატება თუარა იმ გუნდებს, რომლებსაცსაკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდით?

ბევრი ინფორმაცია მათ შესახებ ნამდვილად არ მაქვს. ერთადერთი, რაც ვიცი ისაა, რომ შვედებს ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ. რაც შეეხება სხვა გუნდებს, ყაზახური გუნდი შედარებით სუსტი იყო, შემდეგი მეტოქე რუმინეთიდან უფრო ძლიერი. ვიცი, რომ შვედებიც ძლიერები არიან.  რაც შეეხება გუნდში განწყობას და მოლოდინს, არც წინა თამაშებზე გვინერვიულია იმაზე, მოვიგებთ თუ წავაგებთ. უბრალოდ ვაპირებთ ვითამაშოთ. ზოგადად, ყველა მატჩის წინ ასეთი განწყობით ვართ ხოლმე.

“ლანჩხუთის” მეტოქე გაირკვა: შვედები მოდიან

ხატია, მინდა გკითხოთ სავარჯიშო პირობების და ზოგადი ვითარების შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვე არ გქონდათ ხელფასი, არ გაქვთ შესაბამისი ეკიპირება, სავარჯიშო პირობები… იყო კრიტიკა ფედერაციის მისამართით. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ ჩახედული იმაში, ხელფასი ფედერაციამ უნდა გასცეს თუ მუნიციპალიტეტმა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივ ბიუჯეტს გამოყოფილი აქვს თანხა, ყველაზე დიდი ბიუჯეტი კი ჩვენთვისაა გამოყოფილი. რასაკვირველია პრობლემები არის. მაგალითად გეტყვით, რომ კაცები “ადიდასის”ორიგინალი ბურთებით ვარჯიშობენ, რაც სულ სხვა შეგრძნებაა. ჩვენი ბურთები ახლოსაც არაა იმ ბურთებთან. არ გვაქვს სავარჯიშო ერთიანი ფორმები, არც საწვიმრები, არადა ჩვენ ნებისმიერ ამინდში ვვარჯიშობთ და საწვიმრები აუცილებელია. შეიძლება მე მაქვს საწვიმარი, მაგრამ ყველას არ აქვს გუნდში. მოკლედ, პირობები ნორმალურია, თუმცა შესანიშნავი არა. ხუთი წლისწინ ესეც არ იყო, ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

ვიდეო: ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიოთა ლიგაზე – ნასესხები ფულით და დახეული ბუცებით ჩემპიონთა ლიგაზე

რაც შეეხება ხელფასებს, პანდემიის დაწყებისას, როცა ყველას შეუწყდა ხელფასი, ჩვენ გვერიცხებოდა. შემდეგ, როცა ვარჯიშები დაიწყო ივლისში გვითხრეს, რომ სამი თვე ხელფასი არ იქნებოდა, მაგრამ დავთანხმდით იმაზე, რომ მოგვიანებით გადაეხადათ. იყო ბიუჯეტის პრობლემები, თუმცა ჩვენი გამარჯვების შემდეგ დავალიანება სრულიად დაიფარა. ფედერაციამ ჩვენი გამარჯვების შემდეგ 45 000 ლარითაც დაგვასაჩუქრა, თუმცა კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც გამოიჩენს თავს ამ მხრივ.

რას იტყვით ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და პერსპექტივებზე საქართველოში?

როდესაც წლების წინ თურქეთში წავედი, საქართველოში ქალთა ფეხბურთი არ იყო. არაფერი იყო. იყო მხოლოდ ნაკრები, რომელიც ელემენტარულად  ვერ ვარჯიშობდა და დიდი ანგარიშებით აგებდა. ნაკრების გოგოებიდან ზოგი თურქეთში, ზოგი გერმანიაში, ზოგი ყაზახეთში თამაშობდა. ახლა კი პროგრესი საგრძნობია. რაც ფედერაციის სათავეში ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი არიან, ქალთა ფეხბურთში ფულიც ჩაიდო და ყურადღებაც უფრო მეტია. ამისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ საქართველოში ქალთა ჩემპიონატი ჩამოაყალიბეს. უკვე 5 წელია, ჩემპიონატი გვაქვს. ამან მომცა საშუალება,რომ საქართველოში მეთამაშა და დავბრუნებულიყავი.  სხვათა შორის, ჩემპიონატის ჩამოყალიბების შემდეგ ჩემს გარდა ქვეყანაში სხვა ქალი ფეხბურთელებიც დაბრუნდნენ.  პრობლემები არის, მაგრამ გამოსწორებადია და იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის: “ლანჩხუთელი” გოგონების ნომერი პირველი გულშემატკივარი იური ბაბუა

დაბოლოს, გაგვიმხილეთ რომელ გუნდს ქომაგობთ?

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ფეხბურთის ყურება არ მიყვარს. არც საყვარელი გუნდი მყავს. როდესაც ბავშვობაში რონალდინიოს თამაშით ვიყავი მოხიბლული, “ბარსელონას” ვქომაგობდი. ახლა კრიშტიანო რონალდოს ფანი ვარ და შესაბამისად, “იუვენტუსს” ვგულშემატკივრობ. როგორც აღვნიშნე, ინდივიდების ქომაგი ვარ და არა გუნდების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები