გუშინ ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია ამცნო. საქმე ისაა, რომ ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნე დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვისას თავად ხათუნა ჟორდანიამ და საკუთარ გულშემატკივრებსა და ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ დაავადებას ებრძვიან, რჩევით მიმართა.
“ეს ჩართვა გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცი, ის ადამიანები ვინც ებრძვიან სიმსივნეს, როგორი მძიმეა მათთვის ეს გზა გასავლელად და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაცა გამოჯანმრთელდა.
მინდა გითხრათ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ დაყაროთ ფარხმალი, ვისაც ეს დაავადება გაქვთ, იბრძოლეთ ბოლომდე.
როდესაც განწყობას შეიქმნით, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი დაავადება დაამარცხოთ, დამიჯერეთ, ეს ასეც მოხდება. ალბათ, როგორც მოხდა ჩემს შემთხევვაში.
მადლობა ყველა ექიმს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს გამოჯანმრთელებაში. მადლობა ღმერთს, რომ შეისმინა ჩვენი ოჯახის ვედრება და ჯანმრთელობა მიწყალობა.
აქ ჩამოვედი სამი თვის წინ და ის, რაც დარჩენილი იყო ჩემს ფილტვში სიმსივნე, ამაზე გავიკეთე დასხივება. ახლა ჩამოვედი შესამოწმებლად და ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წასულია, მხოლოდ დარჩენილია დასხივებიდან ნაწიბური, რომელიც ხელს სიცოცხლის ბოლომდე არ შემიშლის. ასე რომ, სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ჩემი დიაგნოზი იყო ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. მიხარია და ვიცი, რომ ყველას, ვინც მე მგულშემატკვირობთ, უხარია. ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვაყენებ ჩემს თავს, მომატებული მაქვს ძალიან ბევრი წონა და ექიმმა მითხრა, რომ აუცილებელია უნდა დავიკლო.
მაგალითი ვიქნები ყველასთვის იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.