მახო ქვრივიშვილი და ხათუნა ფეიქრიშვილი ტკბილი წყვილია.
ხათუნა fortuna.geს-თან საუბრისას ამბობს, რომ წლების შემდეგ, ელოდება, რომ მათი სიყვარული კიდევ უფრო დიდი და მტკიცე იქნება.
თქვენი წყვილი დიდ სიმპათიას იწვევს. რა არის თქვენი ჰარმონიის საფუძველი?
ხათუნა ფეიქრიშვილი:
ორი ერთნაირი ადამიანი შევხვდით ერთმანეთს. მეც და მახოც მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიცხოვროთ პოზიტივითა და დადებითი ემოციებით. ძალიან დიდი კეთილგანწყობა წამოვიდა ჩვენ მიმართ, რაც ძალიან მახარებს.
რა არის მნიშვნელოვანი წყვილის ურთიერთობაში?
ურთიერთგაგება და პატივისცემა, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება.
ნდობა?
ყველაზე მნიშვნელოვანია. მახოს თვალდახუჭული ვენდობი. მე მქონდა მანამდე ოჯახი, მაგრამ არ მახსოვს, რომ ოდესმე ასეთი მშვიდი ვყოფილიყავი. არ არსებობს მომენტი, როცა ეჭვი შემეპარა ან ვინერვიულე.
ზოგადადაც არ ხართ ეჭვიანი?
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ეჭვიანი არ არის, უბრალოდ, საბაბი არ მაქვს. ყველანაირად მშვიდად ვგრძნობ თავს. მახო ეჭვის საფუძველს არ მაძლევს. ვგრძნობ, რომ სულ უნდა, ერთად ვიყოთ. იცით, რას ვფიქრობ? ჩვენ რომ ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, შეიძლება, ასე არ მომხდარიყო. ზუსტად საჭირო დროს შევხვდით ერთმანეთს.
ნამდვილი სიყვარულის პოვნა ყველა ასაკში შესაძლებელია?
რა თქმა უნდა!.. ასაკიდან გამომდინარე, ისეთ კარგ პერიოდში შევხვდით ერთმანეთს, სახლში რომ მშვიდად გინდა იცხოვრო, არ უკვირდები წვრილმანებს, ცდილობ, ნერვები კი არ აიშალო, დააბალანსო და დაალაგო ურთიერთობა. ასაკიც ისეთია, რომ აღარ გიქრის თავში, პატარა რაღაცებზე აღარ წამოეკიდები ადამიანს. რასაკვირველია, დადებითი, პოზიტიური, კეთილი და თბილი ადამიანი თუ არ შეგხვდა, ეს ყველაფერიც არ იქნება. როცა მეგონა, რომ არც სიყვარული არსებობდა და არც არაფერი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამე მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მეწვია სიყვარული. ყველას ვეუბნები, რომ მაგალითი ვარ, არასდროს არაფერია გვიან. როგორ არ არსებობს სიყვარული? მეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ნამდვილად არსებობს სიყვარული. რა უნდა მოხდეს, არ წარმომიდგენია, რომ მე და მახოს ოჯახი დაგვენგრეს. მესმის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ დღეს ასე ვფიქრობ.
სიურპრიზები არის თქვენს ურთიერთობაში?
როგორ არ არის, მაგრამ თავიდან, რა თქმა უნდა, მეტი იყო. სიყვარული მერე უფრო მოდის და სიურპრიზებთან არაფერ კავშირში არაა. თავიდან საოცარი სიურპრიზები იყო. ახლა რომ ვთქვა, სიურპრიზებით განისაზღვრება ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული, ასე არ არის.
მახო ძალიან ცნობილი მსახიობი და მამაკაცია. მასთან ურთიერთობაში ის უპირობო ნდობა, რაზეც საუბრობთ, როდის დაგეუფლათ?
ზუსტად ამ ნდობამ გადამადგმევინა ნაბიჯი. სანამ მახოს პირადად არ გავიცნობდი, მასზე აბსოლუტურად სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, სიყვარულისა და ოჯახის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა. ეპატაჟური იმიჯი შეუქმნეს. სულ ყურადღების ცენტრში იყო. ძალიან მწყინს, როცა ყოველთვის უსვამდნენ ხაზს, მერამდენე ცოლი უნდა მოიყვანოსო. მიშა გომიაშვილს უფრო მეტი ცოლი ჰყავდა, სხვა მსახიობებსაც, მაგრამ მაინცდამაინც მახოზე იყო აქცენტი, მერამდენე ცოლიო… ოფიციალური მესამეა და არაოფიციალური – მეოთხე. მახო რომ გავიცანი, გაცნობის დღიდან ისეთი სიმშვიდე წამოვიდა მისგან, ისე ამოყირავდა ყველაფერი და დაინგრა სტერეოტიპები, შოკში ჩავვარდი.
როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრებაში მომავალში, წლების შემდეგ?
მყავდა მეზობელი ცოლ-ქმარი, რომელთა ურთიერთობაც სულ მომწონდა. სულ ერთად დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები, ხელჯოხებით და დიდი სიყვარული იგრძნობოდა მათ შორის. მინდოდა, მათი მსგავსი სიყვარული მეპოვა და ასეთი სიბერე მქონოდა. ასეთ სიყვარულს ვეძებდი – სულ რომ გინდა, შენს მეორე ნახევარს მოუარო, შენთან გყავდეს ჩახუტებული. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს და გვაცოცხლოს, ხელიხელჩაკიდებულები წარმოგვიდგენია ჩვენი თავი სიბერეში. ზუსტად ვიცი, ასე იქნება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი