დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭოს, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.
პირობებს შორის პირველ საკითხად დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ისაუბრა.
„მოლოდინი გვქონდა და ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ ასოცირებული ტრიო დარჩებოდა ტრიოდ და ჩვენს მეგობრებთან, უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად შევძლებდით ამ სტატუსის მიღებას.
მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მხრიდან გაკეთებულმა უპასუხისმგებლო და ქვეყნის დამაზიანებელმა განცხადებებმა, ისევე როგორც მათი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, პირველ რიგში, თავდასხმამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორების მხრიდან გამოთქმულმა სკეპტიციზმმა, რა თქმა უნდა, გააჩინა მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაში, რომ შესაძლოა გამოყოფილი ვყოფილიყავით ჩვენი მეგობრებისგან.
თუმცა, აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ პერსპექტივის დატოვება, ღია კარი, არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი და არ უნდა შენელდეს სვლა ევროპისკენ. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული პირობები, რომელიც გაიცა. აქ პირველ რიგში, წერია დეპოლარიზაცია.
“ფორტუნას” კითხვაზე, როგორ ესახება მას პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების გზა და მზად არის თუ არა თავის მხრივ, “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ნაბიჯების, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად, ხათუნა სამნიძემ განმარტა:
არაერთხელ, კონკრეტულ, მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხზე, რომელზეც ერთიანია მთელი საზოგადოება და ასეთია ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივა, ოპოზიციამ მრავალჯერ შესთავაზა ქართულ ოცნებას, ერთიანი დელეგაციით ერთად დასხდომა, ერთიანი პოზიციის დაფიქსირება, არამხოლოდ ამ საკითხზე, მაგალითად, მართლმსაჯულების საკითხზეც და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე.
ყველა ეს საკითხი არის 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ასევე ამ პირობებშია ნომერ პირველ მოთხოვნად წაყენებული ხელისუფლებისთვის.
წერია დეპოლარიზაცია, რაც გულისხმობს თანამშრომლობას, რასაც ქართული ოცნება ამდენი ხანია ეწინააღმდეგება და ერთგვარი მტრის ხატის გარეშე ვერ არსებობს.
ჩვენი ევროპული პარტნიორი კი მოითხოვს, რომ ეს შეწყდეს. მოითხოვს, რომ შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმება, საიდანაც გავიდა “ქართული ოცნება.” პრობლემა ისაა, რომ ქართული ოცნება ამას არ აფასებს როგორც შესასრულებელ ვალდებულებას.
თვლის, რომ მარტო პრობლემების „მოგავრება“ ერთპარტიულად საკმარისია და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
ყველა პრობლემური საკითხი, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით წერია ამ პირობებში და ახლა უკვე პასუხისმგებლობა არის არამხოლოდ ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე.
გეგმა დევს მაგიდაზე. ერთგვარი რუქა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება და ამ რუქას უნდა მიჰყვეს ასევე ოპოზიცია, ხელისუფლებასთან ერთად. ეს არის ის, რაც გვითხრა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა.
დეოლიგარქიზაცია არ დაგვავიწყდეს, საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში და უკვე შავით თეთრზე დაგვიწერეს, რომ ამ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავს და ეს არის პრობლემა.
საქართველოს არ ეუბნებიან უარს ევროპულ პერსპექტივაზე, კარი არის ღია, მაგრამ ამბობენ, რომ სანამ ამ პრობლემებს არ მოაგვარებს ქვეყანა, მანამ ღია კარი არის, მაგრამ კანდიდატი ვერ გახდება.
ეს არის ერთგვარი გამომაფხიზლებელი ზარიც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება, რომელიც კონკრეტულ გეგმას ხედავს, ჩამოწერილ პუნქტებს, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ეს შეასრულოს.
ეს არ არის ადვილად შესასრულებელი გეგმა, წლის ბოლომდე მოგვცეს ვადა.
თუ ამას არ გააკეთებს ხელისუფლება, არჩევნები მოდის და მას ძალიან ძვირი დაუჯდება.
პოლიტიკურად ძვირი ფასი, კი არის არჩევნებში დამარცხება,” – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.