პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
მანამდე, დეპუტატების კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.
ამ წუთებში კი, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რადიო „ფორტუნას“ ეთერში „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერისგან კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინეს.
„სამწუხაროდ, დღეს პრემიერის გამოსვლაში მოვისმინეთ ძირითადად წარსულზე ლაპარაკი, თავდასხმები და კრიმინალების ძახილი ოპოზიციის მიმართ.
არ გაკეთდა კონკრეტული განცხადებები იმაზე, რა კითხვებიც დაისვა, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას, რათა ამ 2-3 კვირის განმავლობაში სწორი ნაბიჯები გადაიდგას.
კითხვა იყო დასმული სანქციებთან დაკავშირებით, მაგალითად მე კითხვა დავსვი ბორჯომის საკითხთან მიმართებით, რაზეც თავად აქვს განცხადება გაკეთებული პრემიერს.
1 თვე გავიდა და ვერ გავიგეთ რა ხდება წილებთან, სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით და პასუხი არ გაუცია.
ძირითადად იყო თავდასხმები ოპოზიციაზე, როგორც სჩვევიათ ხოლმე, „ქართლი ოცნება“ იტყვის კონკრეტულ წინადადებას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და მერე ამაზე აწყობს მთელ გამოსვლას, რომელიც საკმაოდ უტიფრობაში გადადის.
მაგალითად ის, რომ ვიღაც დადის დერეფნებში და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, კრიმინალები არიან ოპოზიციაში და სახელი და გვარები არ სახელდება, კონკრეტიკა არ არის, ყოველთვის ესაუბრებიან მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, ისიც ფაქტების გარეშე. სამწუხაროდ, ისევ წარსულშია ჩარჩენილი პრემიერი.
ეს არის პრობლემა, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ამას სჭირდება კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „ფორტუნას“ ეთერში.