“ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია!” – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ირლანდიაში “ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანების” (ALDE) კონგრესზე იმყოფება.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, პარტნიორების პირველი კითხვაა, თუ რატომ არის ხელისუფლება ასეთი ბუნდოვანი.
“მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ აქცენტს, ჩვენი ხელისუფლების ძალიან სუსტი პოზიციებია. მათი პირველი კითხვაა, თუ რატომ არის ჩვენი ხელისუფლება ასეთი ბუნდოვანი.
ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია! საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე მოგვიანებით. ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების დამსახურება. ამ არჩევანის გზაზე უნდა იაროს ყველა ხელისუფლებამ. პარტნიორებს ვუხსნით, თუ რა გზა გამოიარა ქვეყანამ, რა არის ჩვენი ფასეულობები. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს პერსპექტივა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.