ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი რეპლიკების ეტაპზე გადაიდო.
სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, პროკურატურა „თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს“.
მოსამართლე გიორგი არევაძემ განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა.
„მე რომ გადავდო, გამოდის, რომ თქვენ სადღესასწაულო დღეებზე იმხიარულებთ და მე აქ უნდა გავატარო”, – განაცხადა არევაძემ, რასთან დაკავშირებითაც, ავთანდილ წერეთელმა უთხრა: „მარტო ხომ არ იქნებით, ყველა ერთად ვიქნებით“.
საბოლოოდ, რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.