LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხე-ტყის ე.წ. სოციალური ჭრა ერთწლიანი ნებართვებით შეიზღუდება

145

ხე-ტყის ე.წ. სოციალური ჭრის ნაწილში ცვლილებები შევიდა. ბენეფიციარს უფლება ექნება მუნიციპალიტეტიდან თანხმობის მიღების შემდეგ, ჭრის უფლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გამოიყენოს.

როგორც დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, ე.წ. სოციალური ჭრის ნებართვები ხშირად ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი ხდება.

მისი განმარტებით, მოსახლეობას ცაკვეულ შემთხვევებში სჭირდება საშეშე და ასევე, პირველი ხარისხის მერქანი. ამისათვის, ისინი მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, რომლებიც ადგენენ სიებს, მონაცემებს კი აგზავნიან გარემოს დაცვის სამინისტროში. ამის შემდეგ უწყება ნებართვას გასცემს.

„მაგალითისთვის, სტიქიით დაზარალებულ ადამიანს თუ სჭირდება ფიცარი, ამ ფორმით და ამ მეთოდით აქვს მას საშუალება, რომ მოიპოვოს რესურსი, გადაამუშავოს და გამოიყენოს თავისი საჭიროებისათვის. ეს არის სავსაბით გასაგები და ლოგიკური სქემა, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხშირად ასეთი რესურსი ხვდება შავ ბაზარზე, ანუ ის ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი და შეიძლება განხილულ იყოს, როგორც ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემთხვევა. იმის გამო, რომ მიმდანარე წელს და გასულ წელს, გამოვავლინეთ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი, გადავწყვიტეთ, რომ მთავრობის დადგენილების ამ ცვლილების შესაბამისად, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ექნება ბენეფიციარს უფლება, რომ მიღებული ნებართვის შესაბამისად მიიღოს რესურსი“ – განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ერთი წლის განმავლობაში გარემოებათა და მიზეზთა გამო, ბენეფიციარმა ვერ მოახერხა რესურსის მოპოვება, მაშინ ხელახლა მიმართავს მუნიციპალიტეტს, რაც, აგულაშვილის განცხადებით, შექმნის კონტროლის საშუალებას, რათა რესურსი არ მოხვდეს შავ ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g