ჩვენ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ. იმ შედეგებიდან გამომდინარე რაც აქამდე გვაქვს, ასევე ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე – ხედავს თუ არა ეროვნული ბანკი ეკონომიკის გადახურების რისკს? კობა გვენეტაძე პასუხობს: „სწორედ ამიტომ უნდა გავაანალიზოთ, არის თუ არა ეს ზრდა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ ეს არის დროებითი ფაქტორებიდან გამოწვეული ზრდა“.
გვენეტაძის თქმითვე, ყველას ინტერესია რომ ზრდა გრძელვადიანი და მდგრადი იყოს. „სტატიკურად არ ვუყურებთ არცერთ რიცხვს. იმისთვის, რომ ზრდა მდგრადი იყოს, ინფლაცია არ გადაიზარდოს მოლოდინებში და დაიწყოს შემცირება. ჩვენ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებას გავაკეთებთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აგვისტოს დასაწყისში. იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რასაც ვიღებთ. აქაც ბევრი ცვლილებები ხდება. ამ ეტაპზე, ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს, თუნდაც ინფლაციასთან დაკავშირებით, იგივეა, ეს არის საშუალოდ 8,5-9%, წლის ბოლოს 9,5%. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი ცვლილება ხდება, რთული სათქმელია, განახლება როგორ მოხდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომელიც ინფლაციის გაზრდის უკანაა. როგორც სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ყველა არსებული მაჩვენებელი ყურადღების ქვეშაა.