LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელი ხელს” ფართოვდება – შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისი აჭარაში გაიხსნა

208
Untitled design

ორგანიზაციამ “ხელი ხელს” კიდევ ერთ ახალი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა. შშმ პირთა საოჯახო ტიპის რიგით 7-ე საცხოვრისი ფუნქციონირებას ბათუმში იწყებს, შედეგად, კიდევ 5 შშმ პირი შეძლებს, დახურული ინსტიტუციის ნაცვალად, საოჯახო გარემოში იცხოვროს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს.

კიდევ ერთი საოჯახო ტიპის საცხოვრისის გახსნას, მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ ახალი მაცხოვრებლები როგორც დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, ასევე სხვა კატეგორიის შშმ პირები არიან:

“მაგალითად, არიან ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო საცხოვრისებში იზრდებოდნენ, თუმცა სრულწლოვანების შემდეგ, ინსტიტუციაში გადასვლის რეალობა დაუდგათ. საბედნიეროდ, მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ჩვენთან, ისეთივე მყუდრო და ოჯახურ პირობებში, როგორშიც ბოლო წლებში ცხოვრობდნენ. ჩვენს ბენეფიციარებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ სათანადო მხარდაჭერა და ახლა ჩვენი დახმარებით ეს ბენეფიციარები მაქსიმალურად კომფორტულ და ადაპრირებულ გარემოში იქნებიან.” – განაცხადა “ხელი ხელს” დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა.

მისი თქმით, ამ პირებს ზუსტად ისე შეუძლიათ საზოგადოებაში, ბუნებრივ გარემოში ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ადამიანს. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლაში მათ ასისტენტების მხარდაჭერა სჭირდებათ და სწორედ ამას აკეთებს “ხელი ხელს”.

როგორც შიშნიაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა, როდესაც  ინსტიტუციებიდან გამოსული ადამიანების სრულ ტრანსფორმაციას ძალიან მოკლე დროში ხედვენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თითქმის 10-წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზაციამ შეძლო, ათობით ადამიანი დაებრუნებინა საზოგადოებაში:

“პროფესიონალი, კვალიფიციური და გამოცდილი ასისტენტების მხარდაჭერით, შშმ პირებმა იზოლირებული სისტემიდან გამოსვლის შემდეგ დაამტკიცეს, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი დიდი ზომის ინსტიტუციის ერთადერთი სწორი და ჰუმანური ალტერნატივაა.

“ხელი ხელს” სახლების მაცხოვრებლები საოჯახო გარემოში გადმოსვლის შემდეგ სრულ დამოუკდიებლობას ეჩვევიან: თავად წყვეტენ რა სურთ; თავად არიან ჩართული ყველანაირ საოჯახო საქმეში; თავად წარმართავენ ყოველდღიური გამოწვევებისა და საჭიროებების მენეჯმენტს; აქვთ სრული ჰარმონია სოციუმთან და გარემოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საოჯახო საცხოვრისებში გადმოსვლის შემდეგ, მათ შეუძლიათ დასაქმდნენ, რითაც კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან საზოგადოებას.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია “ხელი ხელს” დაარსებიდან მუდმივად ცდილობს, განავითაროს საოჯახო საცხოვრისები ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელების დანერგვით:

“ხელი ხელს” იყო პირველი ამბიციური განაცხადი ქართულ რეალობაში, რომელმაც, საქართველო დეინსტიტუციონალიზაციის მხრივ, რეგიონში ლიდერ ქვეყნად აქცია. მიღწეული წარმატების მიუხედავად, “ხელი ხელს” კვლავ აგრძელებს განვითარებას. ეფექტური, სწორი და შედეგიანი ადვოკატირების დამსახურებით, ორგანიზაციამ შეძლო დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყო.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2011 წლიდან დღემდე დონორების, საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი სამოქალაქო და საჯარო სექტორის თანადგომით, “ხელი ხელს” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა, რომლის განვითარებაც უკვე შეუქცევადი პროცესია და ქვეყანა სრული დეინსტიტუციონალიზაციისკენ სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g