LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის ჩამორთმევაზე ეფექტიანი არაფერია – ქეთევან ციხელაშვილი

108

“ის, რომ კონფლიქტი არ არის გაყინული, საქმე არ გვაქვს სტატიკურ მოცემულობასთან, ეს არის ფაქტი. ადგილზე არსებობს სამწუხარო დინამიკა და ის დროსთან ერთად არ მუშაობს არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების სასიკეთოდ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, პარლამენტში მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება ხალხთა შორის ურთიერთობების დანგრევისა და სამშვიდობო კურსის შეცვლისთვის არის მიმართული, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს პროაქტიული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა მთავრობის ეს ინიციატივა პოზიტიურ, მამაც და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებად დაახასიათეს.

 

სტატუსნეიტრალური

მინისტრმა კანონპროექტის წარდგენისას, ყურადღება სტატუსნეიტრალურ მიდგომებზე გაამახვილა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სერვისებით, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გადამხდელად რეგისტრაცია (საგადასახადო შეღავათებით); გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.

 

ვაჭრობა, განათლება, ხელმისაწვდომობა

საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს სიახლეებს სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობის წახალისება და გაფართოება გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე წვდომა და სხვადასხვა სიკეთესა და სარგებელზე ხელმისაწვდომობა, რაშიც უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიები იგულისხმება.

“არსებული ვითარების მიუხედავად, ვაჭრობა დღესაც ხორციელდება გამყოფი ხაზების გასწვრივ, ადამიანებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ეს საქმიანობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ მცირე ვაჭრობაზე დამატებითი ჩარჩოს დაწესებას, ჩვენ ვაპირებთ ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ეს გულიხსმობს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის წვდომის გახსნას, როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენებით.”

 

განათლება მშობლიურ ენაზე

განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილებაა და ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მოგახსენებთ. გალსა და ახალგორში ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას დღეს ეზღუდება მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლა, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ნელ-ნელა წლების განმავლობაში მიდიოდა და ფაქტობრივად, ბოლო წლების შედეგად ხდება სრული რუსიფიკაცია ამ სკოლების. ჩვენი ხედვით ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მათ ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და მათი დახმარება იქნება მნიშვნელოვანი საკითხი.

 

აფხაზური ენის განვითარება

“ასევე მნიშვნელოვანია აფხაზური ენის განვითარება და დაცვა, ამ მიმართულებით ნაბიჯებს უკვე ვდგამთ. უმაღლესი განათლების კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ქართული ენის ცოდნის დონე არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეროვნულ გამოცდებში ენის გამო მონაწილეობა მიიღონ და იყვნენ წარმატებულნი, შეეძლებათ ამ გამოცდების ჩაბარება რუსულ და ენის ჩაბარება მშობლიურ აფხაზურ ან ოსურ ენაზე”, – განაცახდა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

დარეგულირების ადამიანური გზები

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, დღესაც, ტექნოლოგიებით განვითარებულ ერაში, კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალება ხელის ჩამორთმევაა.

“წარმატებული მაგალითები, ადამიანების ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა მუშაობს კარგად, მართლაც ხელის ჩამორთმევაზე ეფექტიანი ამ სფეროში, დამეთანხმებით ის ადამიანები, ვისაც შეხება გქონიათ, ან ჩართული ბრძანდებით ასეთი ნდობის მშენებლობის და სახალხო დიპლომატიის სფეროში, რომ ამაზე ეფექტიანი არაფერია, ადამიანების უფრთიერთობა რამდენიმე საათითაც, მათ შორის მათი, ვისაც აქამდე არასდროს უნახავთ ერთმანეთი, არღვევს წლების განმავლობაში აგურ-აგურ ნადებ უარყოფით სტერეოტიპებს,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g