ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული, ორდოკუმენტიანი კანონპროექტი წარუდგინა.
ერთი დოკუმენტი კომუნიკაციების კომისიას, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორეს მიხედვით კი მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა კანონპროექტმა შესაძლოა მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭოს, ხოლო მაუწყებლის საქმიანობა საკუთარი სურივილებისა და შეხედულებებისამებრ შეზღუდოს.
ამ საკითხზე “ფორტუნა” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამების მენეჯერს, მამუკა ანდღულაძეს ესაუბრა.
პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით?
წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს ორ მიმართულებას. პირველ რიგში ეს არის მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება (რადიო და ტელევიზია), შემდეგ კი ტელეკომუნიკაციის სფერო. აღნიშნული კანონპროექტი პრობლემატური რამდენიმე მიმართულებითაა. მაუწყებლის შესახებ კანონი, რომლის მიხედვით კომისიის ან მარეგულირებლის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრების შემთხვევაში მათი მოქმედება არ ჩერდება და დამატებით სასამართლოსთვის მიმართვას საჭიროებს, განსაკუთრებით ხიფათის შემცველია წინასაარჩევნო პერიოდში.
რაც შეეხება ტელეკომუნიკაციის შესახებ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს, ის არ უნდა გავრცელდეს მედიაზე, მაუწყებელზე, ტელევიზიებისა თუ რადიოების სარედაქციო პოლიტიკაზე. ცალსახად მნიშვნელოვანია მოხდეს კანონპროექტის ანალიზი და იმის დადგენა, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში ის საერთაშორისო სტანდარტებთან. მთელი ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და სამწუხაროდ ჩართულობა და საჯარო დისკუსია უზრუნვეყოფილი არ ყოფილა, რაც ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.
რაში შეიძლება დასჭირდეს დღეს სახელმწიფოს მაუწყებლებისთვის, ასე ვთქვათ, “ცხოვრების გართულება” და ნიშნავს თუ არა ეს ზეწოლას მედიაზე ან ბერკეტების მოპოვების მცდელობას?
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო მედიაზე ზემოქმედებას ცდილობს. ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით გეგმაზომიერად ახორციელებს როგორც კრიტიკული, ასევე ნეიტრალური მედიის შევიწროებას. ხელისუფლებისთვის ნეიტრალიზმიც მიუღებელია. მაგალითად, მიუკერძოებელი და ნეიტრალური აჭარის ტელევიზია, ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ზეწოლის ობიექტი იყო. კოვიდის პერიოდშიც კი მიმდინარეობდა დევნა, შევიწროება იმ ჟურნალისტების, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი “ქართული ოცნების” მიერ ხელდასმული ტელევიზიის დირექტორის მიმართ.
როგორ უნდა მოიქცეს, რა გზას უნდა მიმართოს მედიაკოალიციამ, მაუწყებლებმა?
პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში, პიდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდებით ჩარევა. ჩვენ კი უნდა ვიყოთ ფრთხილად და მაქსიმალურად დავაკვირდეთ ვითარებას. ჩვენი, როგორც მეთვალყურის, როლია საზოგადოებას ვამცნოთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც არსებობს. ხალისუფლებამ კი უნდა გაიაზროს, რომ ეს არის მეთოდები, რომლებიც არადემოკრატიულ სახელმწიფოებში ხორციელდება.