ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე თქვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან მძიმე, პოლიტიკური კრიზისია, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების პირდაპირი თანამონაწილეობით, როგორც ეს სამადაშვილმა თქვა, მედიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო ძალადობა ვიხილეთ.
„შესაბამისად, ცხადია, ჩვენი საუბრის თემა იქნება, პირველ რიგში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ მიშელის შეთანხმება დაარღვია, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დანიშნა.
დაარღვია ეს შეთანხმება, როცა არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები რიგ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლება საფრთხეს უქმნის მიშელის დოკუმენტის შესრულებას და იმ პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, რასაც მიზნად ამ დოკუმენტის გაფორმება ისახავდა.
ცხადია, გვექნება საუბარი ყველა ამ გამოწვევაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.