პარტია “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციო, რათა ქვეყანას ააცილონ ის მძიმე დარტყმა, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
დავითაია ამბობს, რომ მისაღები არ არის ის ფორმა, რომლითაც სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა, თუცა მძიმეა ის მდგომარეობა, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეიქმნა:
“ჩვენ არასწორი ქმედებებით და მიდგომებით დავკარგეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რაც არის დაღი ჩვენი სახელმწიფოს უახლოეს ისტორიაში. დღეს ისევ არის საშიშროება, საფრთხე შეექმნას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რაც ყოვლად მიუღებელია…
მძიმეა ის სიტუაცია, რაც არის დღეს შექმნილი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მისაღები არ არის და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის ფორმა, რომლითაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სახელმწიფოში შემოვიდა, მაგრამ მძიმეა ის მდგომარეობა, რაც დღეს არის შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს გამოიყენონ ყველა სამართლებრივი გზა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციონ ყველა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რათა ააცილონ ქვეყანა იმ მძიმე დარტყმას, რაც ქართულმა სახელმწიფომ მიიღო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს დარტყმა მეორედ არ მიიღოს.” – აცხადებს დავითაია.