„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის არ სურს, რადგან მისი თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში ან გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში“.
როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება.
მისი თქმით, მეტი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კოალიციური ხელისუფლების ფორმირება.
„მეც კატეგორიულად არ მინდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მობრუნება. ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეუბნები პირდაპირ. ერთპიროვნულად მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ არ მინდა, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის, იმიტომ რომ, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში ან გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიც არის ეს დასავლეთის ქვეყნებში – იქაც კი კოალიციური მმართველობა არის გარანტი იმისა, რომ დემოკრატიის დარღვევა არ მოხდება. მე არ მეშინია სააკაშვილის, არც მაშინ მეშინოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არც მაშინ, როდესაც ვებრძოდი და დღეს, რომ ბევრს ლაპარაკობენ და მე მაკრიტიკებენ, ან ვითომ სააკაშვილს აკრიტიკებენ – სად იყავით შემძვრალი, რომელ სოროებში, რომელ კულუარებში?! ვისაც გეშინიათ იმათ, ვერ გადაგაწყვეტინებთ საქართველოს ხვალინდელ დღეს, ვისაც არ გვეშინია, ისინი ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბურჯანაძე.
რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილის დედას, ირინა ენუქიძეს ბოდიში უნდა მოუხადოს.
„კი, [უნდა მოუხადოს ბოდიში} და ალბათ მოიხდის კიდევაც, როდესაც ნაკლებად ემოციურ მდგომარეობაში იქნება. ის ტყუილია, ვინც ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ჩემს ჯიბრზე ლაპარაკობს, რომ ვითომ ირინა ენუქიძეს შეხვედრაზე უარი ვუთხარი, ეს არის ტყუილი. ერთადერთი, რაზეც ქალბატონ ირინას ძალიან დიდი ბოდიშებით უარი ვუთხარი, ეს იყო პარლამენტის სხდომაზე დასწრება და გამოსვლა. შევუთვალე, რომ მაშინ სხვა დედებს რას ვერჩით, ვისაც იგივე პრეტენზია აქვთ და უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს რეგლამენტი, უნდა მაპატიოთ – მეთქი. ჩემი პირადი მდივანი მას პირადად ელაპარაკა, ჩემთან ტელეფონით საუბარი არ ისურვა და უთხრა, რომ ნებისმიერ დროს ქალბატონი ნინო მზად არის მოვიდეს თქვენთან, სადაც იტყვით და მოგიხადოთ ბოდიში, უბრალოდ ეს შეხვედრა არ შედგა. ერთადერთი იყო, რაც დღემდე მაწუხებს, ჩვენი საერთო ახლობლის დაკრძალვაზე უცებ დავინახე, რომ ქალბატონი ირინა იდგა ორ-სამ მეტრში, ნამდვილად ენა ჩამივარდა და არ ვიცოდი რა მექნა, რადგან მე ჩემი შვილი მედგა გვერდით. რანაირად უნდა მივტრიალებულიყავი ქალბატონი ირინასთვის, რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი. ადამიანურად და პოლიტიკურადაც დავიბენი, თუმცა, იქვე ვთხოვე ახლობელს, რომ მილიონი ბოდიში მოეხადა ჩემგან“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.