LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით ვერ ვისაუბრებ, რომ მეორე ადგილი დამიწერონ – ზაალ უდუმაშვილი

96

“ნამდვილად ვერ დავწყებ ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს იმის გამო, რომ მე მეორე ადგილი დამიწერონ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“მე ნამდვილად ვერავინ დამასწრებდა, რომ გამარჯვებული კანდიდატისთვის გამარჯვება მიმელოცა, ეს რომ ღირსეულად გაეკეთებინა. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლა არის დაწყებული ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით საერთოდ უღირსია და არ ვაპირებ საერთოდ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას.

ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ოქმების გადასწორება იმ კანონის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო ხელისუფლებამ, ამ წუთებშიც დაბარებულები არიან კომისიის წევრები და უკვე შეჯამებული ოქმების გადასწორება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მიუახლოვოს ის შედეგი, რომელიც ცესკო-ს აქვს გამოქვეყნებული”,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გამარჯვება მიულოცა.

“მე ახალი კულტურის დამკვიდრება მსურდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს არჩევნების შედეგების ღირსეულად აღიარება. მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცესკო-ს მონაცემებით, რომლის თანახმად, უბნების 100% უკვე დათვლილია, კალაძე  51.13%–ით ლიდერობს. მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია 17.49%-ით, მესამე ადგილზე კი ზაალ უდუმაშვილი 16.53%–ით.

magti 5g