LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლების მხრიდან გვაქვს ღია ანტიდასავლური კამპანია – რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი. ეს ხომ თავის მოტყუებაა“ – ბოკერია ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს

80
გიგა ბოკერია

„ჩვენ ხელისუფლების მხრიდან გვაქვს ღია ანტიდასავლური კამპანია – ევროპა გვებრძვის და მტერია, რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი. ეს ხომ თავის მოტყუებაა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა და საპარლამენტო ოპოზიციას სამოქმედო გეგმას დაუწუნა.

ბოკერიას შეფასებით, მათი „სტრატეგია მცდარია.“ როგორც მან ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ცალ-ცალკე მუშაობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, „ნონსენსია, რომ ეს რეჟიმი რამეს განახორციელებს“.

„ჩვენ ხელისუფლების მხრიდან გვაქვს ღია ანტიდასავლური კამპანია – ევროპა გვებრძვის და მტერია, რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი. ეს ხომ თავის მოტყუებაა. ამ რეჟიმის შეცვლამდე ისტორიული ამოცანის შესრულების შანსი არ გვაქვს.

კამპანია მიმდინარეობს, რომ ევროპას და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და როგორ შეიძლება ამ კამპანიის მატარებელმა რეჟიმმა რამე განახორციელოს, ეს ხომ ნონსენსია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საპარლამენტო ოპოზიციამ, ბოკერია ამბობს, რომ თავი არ უნდა მოიტყუოს.

„საპარლამენტო ოპოზიციას აქამდეც ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა, თანმიმდევრული და მკაფიო უნდა ყოფილიყო. თავი არ უნდა მოიტყუოს და საზოგადოება არ უნდა მოატყუოს, რომ თუნდაც პარალელური პროცესით ამ არალეგიტიმურ პარლამენტში რამის მიღწევა შესაძლებელია.

ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის მზადება იმ ცვლილებებისთვის, რაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ იქნება. ძალიან დიდი სამუშაო იქნება გასატარებელი და ამაზე მუშაობა მნიშვნელოვანია. ამაში შედის 12 პუნქტიც, თუმცა ამოცანა ბევრად უფრო ფართოა.

„ევროპული საქართველო“ სწორედ მაგაზე ვმუშაობთ, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ვიყოთ მზად, სრულფასოვანი რეფორმის პაკეტის მოსამზადებლად. წესით, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ ამაზე უნდა მუშაობდეს ახლა.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

magti 5g