LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – რა განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო სექტორი

69
BeFunky-collage (15)

ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს არასამთავრობო სექტორი. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ ინიციატივას, პროტესტის გამო სანქციების დაწესებას უწოდებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ – მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი, რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.

მხოლოდ ორმა პარტიამ გაუძლო ცდუნებას – პარლამენტში საბოტაჟის წინააღმდეგ კანონპროექტების პაკეტი შევიდა

აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე – გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI GEORGIA); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR); საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g