12-16 ივნისს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ მეოთხედ გაიმართება. საერთაშორისო კულტურული პროექტი კვლავინდებურად ჰიბრიდული ფორმატის იქნება.
ნათია მეფარიშვილი, პროექტის დირექტორი:
– „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულს“ 2021 წლიდან ვატარებთ. პროექტის დაწყება კოვიდ პანდემიის პერიოდს დაემთხვა. მაშინ მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, არათუ ხელოვანები, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების წარსადგენად მუდმივად სჭირდებათ სივრცე, პლატფორმა. ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით, რომელთა შორის არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შემოქმედებითი ევროპის დესკი და არაერთი კერძო კომპანია, პროექტი მალევე გახდა ყოველწლიური.
პროექტის მთავარი მიზანი ხელოვანი ქალების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა და მათთვის სხვადასხვა კომპანიასთან, დამკვეთებთან, ხელოვნების მოყვარულებთან, კოლექციონერებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

დღეის მონაცემებით, ჩვენს პლატფორმაზე – Week of Art – უკვე 1000-ზე მეტი ხელოვანია რეგისტრირებული და იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ წელს სხვადასხვა დარგზე ცხადდება რეგისტრაცია, ამ ადამიანებს, განურჩევლად გეოგრაფიული ადგილსამყოფელისა, ეძლევათ საშუალება, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ ფართო აუდიტორიას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პლატფორმამ, გარდა საგამოფენო სივრცისა, მონაცემთა ბაზის როლიც შეითავსა და ხელოვანებს თანამედროვე, ციფრული უნარების გაზიარების შესაძლებლობაც მისცა.
პროექტი წელს ბევრად მრავალფეროვანია, რაც ნამდვილად გვეამაყება. ნამუშევრების მიღება გამოცხადდა ახალი მიმართულებებით: წიგნის ილუსტრაცია, გრაფიკული დიზაინი და პლაკატი. გამოფენის არტ კურატორი ქეთევან კორძახია აღფრთოვანებულია წლევანდელი ნამუშევრების ხარისხით.
იმისთვის, რომ 5 დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შემობრძანდნენ ჩვენს ვებგვერდზე, გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც სრულად ექნებათ წვდომა პროგრამაზე, რომელიც მოიცავს გამოფენებს, ვიდეო მასტერკლასებს და სხვა.

„ხელოვნების კვირა 2021–2026“ 12 ივნისს დაიწყება. ხელოვანი ქალების ნამუშევრების დათვალიერება ჯერ შესაძლებელი იქნება ონლაინ, შემდეგ კი ფიზიკურ სივრცეში 15 ივნისს – იმერსიულ-ციფრული ჯგუფური გამოფენა გაიხსნება აუდიო-ვიზუალურ მუზეუმში „ჰოლოზიუმი“ (ბეთლემის ქ. #10), რომელიც 11:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე სხვადასხვა მიმართულების როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სოციალური პროექტი, გამოფენაზე დასწრება უფასოა. გამოფენაზე მოხვედრას შეძლებთ QR კოდის გამოყენებით, რომელზეც მეტ დეტალს გაეცნობით რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს ელ. ფოსტაზე. ცნობისთვის, ქართველი და საერთაშორისო ქალი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერების გარდა, სასურველი ნამუშევრის შეძენის შესაძლებლობაც გექნებათ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგჯერ ესა თუ ის ავტორი, სხვადასხვა მიზეზის გამო (და ძირითადად ეს არის არასრულფასოვნად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა), შესაძლოა, ვერ მოხვდეს გამოფენაში, მაგრამ იგი ნებისმიერ შემთხვევაში ხვდება ხელოვან ქალთა მონაცემების ბაზაში. ეს ნიშნავს, რომ სამომავლოდ მას კვლავ ექნება პროექტში მონაწილეობის საშუალება. ამიტომ ვფიქრობთ, ხელოვანები აუცილებლად უნდა შემოგვიერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი ინდუსტრიების ფორუმიც – „ქალები ხელოვნებაში“, რომელიც კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, არის ხელოვანებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, უცხოურ კომპანიებთან პარტნიორობის შესაძლებლობებზე და სხვა.