LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო მომსახურებასთან აკავშირებდა, ასე არ გაგრძელდება: ზარქუას თქმით, ბანკთან შეთანხმება შედგა

117
ირაკლი ზარქუა

“როგორც კი მიმდინარე წელს ახალი ტენდერი გამოცხადდება, განახლებული პირობებით და უკეთესი მომსახურებით, ახალი გამარჯვებული გვეყოლება, რომელიც ჩვენს პენსიონრებს დაბალი პროცენტით მოემსახურება.” – ამის შესახებ პარლამენტში “ლიბერთი ბანკთან” სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც “ლიბერთი ბანკს” საპენსიო მომსახურებასთან 2022 წლამდე აკავშირდებდა, ასე არ გაგრძელდება.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, გარდამავალ პერიოდში, “ლიბერთი ბანკი” გარკვეულ დათმობებზე წავა:

➤  დღეს მოქმედი ხელშეკრულებით, თუ პენსიონერი სესხს იღებდა და გარდაიცვლებოდა, სესხის დაფარვას ოჯახს სთხოვდნენ. გარდამავალ პერიოდში “ლიბერთი ბანკი” ამაზე უარს აცხადებს;

➤  თუ ბენეფიციარი “ლიბერთი ბანკს” მიმართავს, ის სესხები, რომელიც იყო ერთწლიანი და საკმაოდ მაღალი პროცენტის გადახდა უწევდათ, სურვილის შესაბამისად, 2-3 წლამდე გაუხანგრძლივდებათ;

➤  მესამე მნიშვნელოვან დეტალზე წამოვიდა “ლიბერთი ბანკი”, რომ თუ თავდებში ეყოლება ოჯახის წევრი, რომელსაც შემოსავლები აქვს და ამას დაამტკიცებს, პენსიონერი სესხს გაცილებით დაბალ პროცენტში აიღებს.

ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ისმენს, თითქოს “ლიბერთი ბანკის” ბენეფიციარს არ აქვს საშუალება, სხვაგან აიღოს.

ზარქუას თქმით, ეს მტკნარი სიცრუეა და იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი მოსთხოვს და სთხოვს “ლიბერთი ბანკს”, ის ვალდებულია, მისი საპენსიო შემოსავალი ნებისმიერ ბანკში, ფილიალში ჩაირიცხოს.

“დღესაც მორიგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც შევჯერდით, შევთანხმდით, ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ აკავშირდებდა საპენსიო მომსახურებასთან 2022 წლამდე, ასე არ გაგრძელდება და დროზე ადრე, როგორც კი მიმდინარე წელს გამოცხადდება ახალი ტენდერი, განახლებული პირობებით, უკეთესი მომსახურებით, გვეყოლება ახალი გამარჯვებული, რომელიც დაბალი პროცენტით, უკეთესი მომსახურებით მოემსახურება ჩვენს პენსიონრებს.

ამ შეჯერებულ ვარიანტამდე მივედით მათ შორის, „ლიბერთი ბანკთან“ ერთად და უნდა ითქვას, რომ გარდამავალ პერიოდში, რომელიც აკავშირებს „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო მომსახურების დარიგებასთან დაკავშირებით, შემოვიდა წინადადებით და ეს მისასალმებელია.” – თქვა ზარქუამ.

მისივე თქმით, ეს არის ის შეჯერებული ვარიანტი, რაც გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, მიმდინარე წლის ბოლომდე კი ჩაინიშნება ტენდერი განახლებული პირობებით, შედარებით დაბალი პროცენტით და ახალი პროდუქტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები