მარგარეტ დაიაური საზოგადოებამ დიდი ხანია, გაიცნო. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის უცხოურზეც, ხევსურეთის სილამაზის სიმბოლოდ ქვეყნდება. მარგარეტ დაიაური ხევსურეთიდან ესაუბრა ჟურნალ „თბილისელებს“.
– როგორი იყო ის პერიოდი, როდესაც თბილისში დაბრუნდით?
– ძალიან რთულად შევეგუე ქალაქში დაბრუნებას და იმ ხმაურს, რაც მას თან ახლავს. თავიდან, რამდენიმე თვე, ისიც კი მავიწყდებოდა, რომ რამის ყიდვა იმ დღესვე და იმ წუთას შემეძლო, როცა მომინდებოდა და ორი კვირა არ უნდა მომეცადა, რადგან ხევსურეთში ორ კვირაში ერთხელ იყო როტაცია და მხოლოდ ვერტმფრენის გადმოფრენისას შემეძლო ნებისმიერი ნივთის ან პროდუქტის შეძენა. იმის გადაჩვევაც გამიჭირდა, რომ როცა მარკეტში შევდიოდი, პროდუქტს ძალიან დიდი რაოდენობით ვყიდულობდი, ვიმარაგებდი, რადგან მეგონა, რომ იმ დღესვე ან მეორე დღეს ვეღარ შევძლებდი შეძენას და ისევ კვირები უნდა დავლოდებოდი.. განსხვავებული იყო დილით გაღვიძებაც და ფანჯრიდან შემოსული სინათლის დანახვა, რადგან წლების განმავლობაში კოშკში ცხოვრებამ შემაჩვია სიბნელეს და იმას, რომ სინათლის დასანახად გარეთ უნდა გავსულიყავი, რადგან კოშკს ფანჯრები არ აქვს და ვერ იგებ, როდის თენდება და ღამდება, აბსოლუტურად კარგავ დროის აღქმას. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი თარიღები და დრო. სასიამოვნოდ გასაკვირი და მისაჩვევი იყო ისიც, რომ შემეძლო, დიდი ხნის უნახავ ახლობლებს შევხვედროდი, თან ნებისმიერ დროს… ბევრი ცვლილება იყო.
– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისევ დაბრუნდით ხევსურეთში. როგორ და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, როგორც ბევრს ჰგონია, პირად ცხოვრებაშია სიახლე?
– ჩემს პირადში არანაირი სიახლე არაა, ახლა მთლიანად მხოლოდ იმ საქმეებზე ვარ კონცენტრირებული, რასაც ვაკეთებ. ხევსურეთში დაბრუნების გადაწყვეტილება კი იმიტომ მივიღე, რომ პირველ რიგში, წარმოუდგენლად მიყვარს ჩემი კუთხე. ამასთან ერთად, ვიცი, რომ ხევსურეთი იცლება და ეს ძალიან მწყინს, პირველად ჩემი წასვლისას ათამდე ახალგაზრდა ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ სამია მუდმივი მკვიდრი. ორი ძმაა, რომლებსაც სოფელი არასდროს დაუტოვებიათ და კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სოფელი რომ დატოვოს, შატილი დენის გარეშე დარჩება, რადგან ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გამართულ მუშაობას.
– ამჯერად როგორი პირობები დაგხვდათ ხევსურეთში?
– დენის პრობლემა აღარაა, რადგან მეორე, ძველი ჰესიც აღადგინეს, ადგილობრივი ახალგაზრდის დახმარებით და ახლა, რაც მე ხევსურეთში ვარ, ელექტროენერგია ერთხელაც არ გათიშულა. ეს ძალიან დიდი ამბავია სოფლისთვის და ძალიან მიხარია. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, სამწუხაროდ, ყველაფერი ძველებურადაა.