ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის 15-20%-ი იკარგება, ვინაიდან არ არსებობს მათი შენახვის პირობები, ამის შესახებ მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას გეგმავს.
“ამ მიმართულებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები. ჩვენ გამოვყავით 12 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება და ყველაზე დაბალია პროექტების დაფინანსების მაჩვენებელი” – აღნიშნა დანელიამ.
მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროგრამა “დანერგე მომავალი” რამდენიმე წელიწადში საქართველოში მოსავლიანობას გაზრდის, ამიტომ სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას უფრო დიდი მნიშნველობა ენიჭება.