ქობულეთის დაცული ტერიტორიები მომხმარებელს ჭაობის თხილამურების დაქირავების სერვისს სთავაზობს. ხის თხილამურებით გასეირნება სფანგნუმიან ტორფნარზეა შესაძლებელი, რომელსაც დაცული ტერიტორიის 300-400 ჰექტარი უჭირავს.
”თხილამურები საჭიროა ერთის მხრივ იმისთვის, რომ ხავსი დავიცვათ დაზიანებისგან და მეორე მხირვ, ფეხით არ ჩავიდეთ ტორფში” – განუცხადა ”ფორტუნას” ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის სპეციალისტმა ადამ ბერიძემ.
თხილამურების დაქირავება მთელი დღის განმავლობაში 2 ლარი ღირს. როგორც ვიზიტორთა ცენტრში აცხადებენ, დაინტერესება არცთუ ისე დიდია – წლის განმავლობაში თხილამურებიდან მიღებული შემოსვალი 100-150 ლარია.
”ყველაზე სანახაობრივი, რისთვისაც შეიქმნა ეს დაცული ტერიტორიები, არის ეს ტორფნარი, რომელიც იწოვს დიდი რაოდენობით წყალს და იცავს ქობულეთს დატბორვისგან, მოგეხსენებათ ქობულეთში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის. ასევე აქ არის ისეთი მცენარეები, როგორიცაა მწერიჭამია დროზერა, დუმფარა, რითაც მეცნიერები და ბოტანიკოსები ინტერესდებიან” – აღნიშნა ადამ ბერიძემ.
ქობულეთის დაცული ტერიტორიებზე ვიზიტი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა, საუკეთსეო სეზონად ვიზიტორთა მომსახურების ცენტრში აპრილი – ოქტომბრის პერიოდს ასახელებენ, როცა მცენარეები ყვავიან.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა უფასოა. ის მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები.
